თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა
თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას განცხადებით, თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა.
როგორც ხელაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტენდერების შეწყვეტის მიზეზი – კი არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებებია.
მისი თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, მუდმივმოქმედი ჯგუფები იმუშავებენ და ტენდერებზე კონტროლს განახორციელებენ. “შეწყვეტილია 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ხელშეკრულებები იყო შედგენილი არაკვალიფიციურად. არ იყო განსაზღვრული მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრაქტორთა ვალდებულებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევიტანოთ და გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე გადაიხედება მთლიანად იურიდიული კუთხით და მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხირდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. “, – აღნიშნა ხელაიამ.