„ყოველ აღდგომას, შვილთან ერთად გულმოდგინედ ვაფორმებ სააღდგომო სუფრას, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ჩემი – საკუთარი დეკორატიული ნაკეთობები“…

ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა. მას შემდეგ, რაც საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრ, არის ხელოვნების პედაგოგი 212-ე საჯარო სკოლაში.
პარალელურად მუშაობ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროში, ამზადებს სხვადასხვა დეკორატიულ და დიზაინერულ ნივთს.
აფორმებ ბავშვების დაბადების დღეებს, დეკორატიულ სადღესასწაულო პანოებს თუ სათამაშოებ… მუშაობ თექაზე, თაბაშირზე, თიხაზე,  ქსოვს ფარდაგებს. ამბობს, რომ სამსახურის შემდეგ დროის მნიშვნელოვან ნაწილ  ამ საქმეს უთმობს.
სამომავლოდ, ფიქრობს საბავშვო წრის ჩამოყალიბებას, სადაც ბავშვები სხვადასხვა დეკორატიული ნივთისა და აქსესუარის დამზადებას დაეუფლებიან.სოფიო ჯანგულაშვილის პერსონა.

 

  თქვენი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირეთ. ხატვა და ხელოვნება  ბავშვობიდან გიყვარდათ…
– ხელოვნებას ჩემს ოჯახში დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ უფრო მეტად – სასიმღეროს. ჩვენს ოჯახში მუდამ იყო: მუსიკა, სიმღერა, მღეროდა დედა, უკრავდა მამა, ჩვენც ამ კუთხით გვიბიძგებდნენ, თუმცა ყოველთვის მომწონდა ხატვაც და მუდამ ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება რაღაცით აუცილებლად დაუკავშირდებოდა ხელოვნების დარგებს, გარდა მუსიკისა.
საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი და სტუდენტობის წლები…
– სტუდენტობა ძალიან სულიერ და რელიგიურ გარემოში გავატარე – სასულიერო აკადემიის შენობაში, სადაც ასევე საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტი გოგონებიც ვსწავლობდით, დიდი გამოწვევა იყო როგორც, ზოგადად, ხელოვნების დიდი სამყაროს სიღრმეებში ჩასვლა და მასთან ზიარება, ასევე იქ სწავლა უდიდესი მადლი იყო ჩვენი უწმინდესის რექტორობის დროს. ამან დიდი კვალი დაამჩნია იმ დროინდელ სტუდენტობაზე და ბედნიერი ვარ, რომ მეც ვიყავი მათ რიგებში. აქ, იმის გარდა, რომ კარგად შეგვასწავლეს სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ხელოვნება და მისი ისტორია, ასევე ვეზიარეთ ხატწერის ხელოვნებას, ქარგვის, გობელენის და ფარდაგის, თექის დამუშავებას.
სტუდენტობის წლებში აქტიურად ვმუშაობდით თექაზე, ვქმნიდით სხვადასხვა საყოველდღიურო თუ დეკორატიულ ნივთს, ვარგავდით და ვქსოვდით. დავეუფლეთ ქართული ტრადიციული ქარგვის ხერხებს და ასევე – ფარდაგის ქსოვისთვის საჭირო ძაფის ფერების მიღების ბუნებრივ საშუალებებს, რასაც სახლში აქტიურად ვაკეთებდი მეც, ვხარშავდი სხვადასხვა ხის ფოთლებს, ლობიოს, ყვავილებს და ა.შ. და მასში ვღებავდი ძაფს, შემდეგ ვადგენდი კატალოგს და მისით ვხელმძღვანელობდი.
ჩემი ინტერესებიც ამიტომ დაუკავშირდა უფრო გამოყენებითი ხელოვნების კუთხით მუშაობას, საიდანაც შემდეგ ნელ-ნელა განვავითარე საკუთარი  იდეები და მხატვრული ხედვა. გავხდი ამ საგნის პედაგოგი, რომელიც მაშინ საპილოტე სკოლებში დაინერგა და რეალურად არ იყო ხელოვნებათმცოდნის იმდენი კადრი.  ასე მოვხვდი საჯარო სკოლაში.
– მომხმარებლებს სხვადასხვა სადღესასწაულო ხელნაკეთ ნივთს სთავაზობთ. აღდგომა ახლოვდება და გვიამბეთ, რას შესთავაზებთ სააღდგომოდ?
– სააღდგომოდ აუცილებლად მექნება დეკორატიულად გაფორმებული კვერცხები, რომელსაც ამჯერად თაბაშირით ჩამოვასხამ, მთლიანად ჩემი შექმნილი იქნება.  თუ ადრე მზა მასალას ვაფორმებდი სხვადასხვა ტექნოლოგიით, ახლა მივხვდი, რომ მე თავად შემიძლია მათი ნულიდან დამზადება. ასევე ვცდილობ იმასაც, რომ გარკვეულწილად საკუთარი სტილი დავიცვა და, ამავე დროს,  მრავალფეროვანი იყოს. არ მეორდებოდეს ერთი და იგივე ნაკეთობა თუ დეკორი ყოველ წელს.
თავად მე სააღდგომოდ ჩემს შვილთან ერთად გულმოდგინედ ვაფორმებ სააღდგომო სუფრას, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ჩემი საკუთარი დეკორატიული ნაკეთობები: ყვავილები, პარკები, წითელი კვერცხი და ყველა სხვა საჭირო და აუცილებელი ატრიბუტი.
– ბუნებრივ მასალას ანიჭებთ უპირატესობას….
– ბუნებრივ მასალად ხშირად ვიყენებ: ხის მერქანს, ხის ტოტებს, მშრალ ყვავილებს, გირჩს, რკოს, მუდამ უფრო დახვეწილი და შესანიშნავია ნამუშევარი, რომელშიც ბუნებრივი მასალა ჭარბობს.
– სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი, დიზაინერი ხართ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს პედაგოგობას და თქვენს საქმიანობას?
– პედაგოგიურ საქმიანობას დღის პირველი ნახევარი ეთმობა, ეს  არის ძირითადი მოღვაწეობის სფერო, სადაც მე ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებ, ხოლო დარჩენილ დროს ოჯახს, ბავშვის განვითარებას, მასზე ზრუნვას და ჩემი ნაკეთობების დამზადებას ვახმარ.
– როგორც სახვითი ხელოვნების პედაგოგი, რას გვეტყოდით თქვენს მოსწავლეებზე?  გაკვეთილებზე? როგორ უნდა შეაყვაროს პედაგოგმა ხელოვნება ბავშვებს?
– უდიდესი გამოცდილება მივიღე სკოლაში მუშაობის შედეგად, ბავშვები თავად გიბიძგებენ და გაჩვენებენ საკუთარ საჭიროებებს, არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოები გვაქვს, რასაც ჩვენ ბავშვობაში მოკლებულნი ვიყავით, ინსტიტუტში სწავლის დროსაც კი არ გვქონდა საშუალება, რომ ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშის ფერადი ფოტო გვენახა, ახლა მეტი შესაძლებლობაა.
ეს თაობა მეტად წინ იქნება ჩვენზე და არიან კიდეც. ხელოვნება არის საგანი, სადაც ბავშვი გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, საკუთარ შეხედულებებს, ეს არის ერთგვარი თერაპია, ვცდილობ, ისინი ჩარჩოში არ მოვაქციო, არ მოვახდინო გავლენა მათ ხედვაზე და ისე გამოვახატინო საკუთარი დამოკიდებულება და ემოცია  ამა თუ იმ საკითხზე.
ხელოვნების მიზანი და არსიც ხომ სწორედ ეს არის. ზუსტად ამიტომ შეიცვალა სტანდარტი და სკოლაში ბავშვებს არ ასწავლიან ხატვას, არამედ აცნობენ მხატვრობას, ამა თუ იმ მიმდინარეობას და ეპოქას, მათი გაცნობის შემდეგ ბავშვი თავად აირჩევს, რა მხატვრული ხერხებით გადმოსცეს სათქმელი… ხატვის სწავლება ადრეულ ასაკში ნიშნავს მათ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და მათი ინდივიდუალობის დაკარგვას. ამიტომაც მე ვემხრობი მსგავს  მიდგომას, არავინ იცის, მომავალში როგორი ხელოვანი გვეყოლება, მათ საკუთარი ხელწერა უნდა შეინარჩუნონ. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით გამოხატვაში.
– ემზადებით სააღდგომო გამოფენა-გაყიდვისთვის მთაწმინდის პარკში…
– მთაწმინდის პარკში წარმოდგენილი მექნება სააღდგომო დეკორატიული გვირგვინები, კედლის საკიდი ან გნებავთ, კარის საკიდი, რომელიც ნაკლებად არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ უკვე ფეხს იკიდებს. ასევე დასადგამი – სუვენირის სახის დეკორატიული კვერცხები, ჩიტის დეკორატიული ბუდეები და ა.შ.
– ჰობი…
– თავისუფალ დროს ვხატავ. თუმცა არ მაქვს სამხატვრო განათლება და პროფესიით თეორეტიკოსი ხელოვნებათმცოდნე ვარ. პრაქტიკული თვალსაზრისით კი გამოყენებით სფეროში უფრო მივიღე განათლება, დროის გარკვეულ ნაწილს მაინც ვუთმობ  ხატვას და მის განვითარებას, ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ ჩვენი დროის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მხატვრებთან, ვიღებ მათგან მასტერკლასებს, ვიზიარებ გამოცდილებას და, ამავე დროს, ვცდილობ საკუთარი დამოკიდებულების შენარჩუნებას, საკუთარი ხელწერის განვითარებას.
–  მეუღლე და შვილი გყავთ. როგორ გიდგათ ოჯახი გვერდში, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული იყოს?
– ჩემი ოჯახისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შემიწყონ, დამითმონ დრო, დამეხმარონ მასალის მოძიებაში, ორგანიზებაში და ა.შ.
– სამომავლოდ, საბავშვო წრის ჩამოყალიბებას აპირებთ, სადაც ბავშვები დაეუფლებიან სხვადასხვა დეკორატიული ნივთის და აქსესუარის დამზადებას...
– ხშირად მწერენ, რომ იქნებ ავიყვანო ბავშვები და ვასწავლო მათ ეს ყველაფერი. ამაზე ადრე არ მიფიქრია, რადგანაც არ მქონდა არც ამის მზაობა და არც დრო.  ახლა კი ვფიქრობ,  ძალიან კარგი იდეაა, უამრავი წრე არსებობს, სადაც ბავშვები სწავლობენ ხატვას, ძერწვას, მაგრამ არ არის მსგავსი წრეები, სადაც ისინი ხელსაქმეს შეისწავლიდნენ, გნებავთ – თექაზე მუშაობას, სათამაშოების შეკერვას, საკუთარი ხელით შეძლებენ თმის აქსესუარების დამზადებას, იმუშავებენ უამრავი სხვა ბუნებრივი და ხელოვნური მასალით. ამიტომაც ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ  მრავალმხრივ განვითარდნენ.  გავა დრო და  ეს ბავშვები გაიზრდებიან, აღმოაჩენენ საკუთარ თავში სხვადასხვა ნიჭს და უნარს. მათ ექნებათ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება, რომ შეიძინონ პროფესია ან პროფესიის გარდა სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდეთ ცხოვრებაში.

                                                                                                               

                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები