მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ისინი არიან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ე.წ. დეპუტატები, რომლებმაც უღალატეს როგორც საქართველოს, ასევე, ზვიად გამსახურდიას და ფულზე გაიყიდნენ

“ისინი არიან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ე.წ. დეპუტატები, რომლებმაც უღალატეს როგორც საქართველოს, ასევე, ზვიად გამსახურდიას და ფულზე გაიყიდნენ. ფოტოზე არიან თენგიზ ჩაჩავა, ზურაბ ძოწენიძე, რევაზ კემულარია, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ბიმურზა აფრასიძე, ნოდარ ნონიაშვილი, ზურაბ წულაია, ბეჟან ჯავახია”, – ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

“გთავაზობთ, ფოტოზე წარმოდგენილი პირების მონაცემებს: თენგიზ ჩაჩავა – მას დიდი ხანია, შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი.

ზურაბ ძოწენიძე – მასაც დიდი ხანია, შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი. შევარდნაძის დროს, მამამისი გიორგი ძოწენიძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ზურაბ ძოწენიძე – საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეფარული უშიშროების კარტოთეკიანი თანამშრომელი.

რევაზ კემულარია – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, პუტჩის შემდგომ ფინანსური გამორჩენის მიზნით პარტიიდან პარტიაში მოსეირნე.

ვახტანგ ცაგარეიშვილი – მას დიდი ხანია, შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი.

ბიმურზა აფრასიძე – გახლავთ ნაციონალი. უშიშროების კარტოთეკიანი თანამშრომელი.

ნოდარ ნონიაშვილი -საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სიებში მრგვალი მაგიდის წარმომადგენლის სახელით არ ფიქსირდება. გახლავთ უშიშროების თანამშრომელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე უშიშროების სამსახურის მიერ 6 წლის გაურკვეველი სტატუსით იყო მივლინებული ირანში.

ზურაბ წულაია – ფასადის შესაქმნელად გახლავთ ფოტოსურათზე. ის არასოდეს ყოფილა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

ბეჟან ჯავახია – მას შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი.

დავასახელებ სამ პიროვნებას, რომელნიც გაემიჯნენ უზენაესი საბჭოს წევრობას: ბადრი ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, აკაკი ასათიანი.

ასე დაუფასეს მათ ამაგი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მოქალაქეებს – ხუნტისგან აიღეს საკმაოდ დიდი თანხა პენსიის სახით და დღესაც კარგად ფინანსდებიან. აქვე დავამატებ, ამ მოქალაქეთა ბოროტ ზრახვებს პირადად ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ – მათ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ პოლიტიკური ტერაქტის მოწყობის შემდეგ მისი სიცოცხლის გადასარჩენად ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. სხვათა შორის სია არასრულია, დანარჩენს მომავალში მოგახსენებთ”,- აცხადებს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები