დაიბადა და გაიზარდა თბილისში, როგორც თავად ამბობს, კონსერვატიულ ოჯახში. თეატრი, კინო, ლექსების მხატვრულად კითხვა – ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილი იყო… და მხოლოდ ქვეყანაში არეულობამ დაარღვია ეს იდილია. ბავშვობაში სხვადასხვა გატაცება ჰქონდა. ცეკვა უყვარდა, ბიოლოგია-ბოტანიკაც აინტერესებდა…
შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე სწავლობდა. ჯერ მოდელირების, შემდეგ მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით…
ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიმართულებაა ქართული ორნამენტი, რამდენიმე წელია მუშაობს ქართული ორნამენტების აღდგენა-გაციფრულებაზე. „ის ცოდნა მაქვს, რომელიც მათ გადაარჩენს და შევძლებ, თანამედროვე სახით დავუტოვო მომავალს“, – მხატვარ-დიზაინერ როენა ხაჩიძის პერსონა.
– სწავლა მომიწია რამდენიმე სკოლაში, საცხოვრებლის ცვლილების გამო. ბოლოს 45-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. ერთი წლიდან ფანქრით ვხატავდი. არ დავბადებულვარ, მხოლოდ ეგაა. ცეკვაზე დღემდე მთელი არსებით შეყვარებული ვარ, ვცეკვავდი ჩემით. დიდ მომავალს მიხატავდა ცეკვა. ვინც მნახა, ყველამ ეს აღნიშნა. ლატავრა ფოჩიანმა პირობა ჩამოართვა დედას, რომ 12 წლიდან მასთან მიმიყვანდა, მაგრამ არასასურველი ცხოვრებისეული რეჟიმის გამო ვერ ვიარე. არც ხატვის წრეზე ან რაიმე მსგავსზე მივლია. რაღაც პერიოდი ბოტანიკოსობაც მინდოდა.
მე-7-10 კლასებში გამშრალი ყვავილებისგან იკებანების შექმნა დავიწყე. ცოტა ხნით პიონერთა სასახლეში ბიოლოგიის ჯგუფში ვიარე, რადგან ბიოლოგია-ბოტანიკა მიტაცებდა. ეს სურათები რომ ვანახვე პედაგოგს, იმან პროტექცია გამიწია სულხან-საბას პედაგოგიური ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტის მაშინდელ რექტორთან, მზია ჭელიძესთან. მან შენიშნა ნიჭი და იბრძოლა იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეზე დაეშვათ უნიკალური გამონაკლისი და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკორაცია-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე დავეშვი მოსწავლე სტუდენტად. ასე გავხდი მე-10 კლასის მოსწავლე სტუდენტი. 2 წელიწად-ნახევარი ვისწავლე. ამ მოვლენამ შეუწყო ხელი, შემეცვალა კურსი ხელოვნებისკენ.
იქ ვისწავლე გობელენის ქსოვა, რაც ძალიან მომეწონა. სკოლის დამთავრებისას უცებ შევიცვალე აზრი და გადავწყვიტე გობელენის ქსოვის შესწავლა. გამიმართლა და ჩავაბარე თოიძის სასწავლებელში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე მეხალიჩეობის ფაკულტეტზე. იმავდროულად, პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტიც ვიყავი. რთული დროის მიუხედავად, წარმატებით დავხურე ორივე სასწავლებელი.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, სამეწარმეო გრაფიკაზე, მხატვარ–გრაფიკოსის სპეციალობით სწავლობდით… თუმცა მანამდე ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებაზე ჩააბარეთ, გრაფიკაზე კი მე-2 კურსიდან გადახვედით…
– მოულოდნელად გადავწყვიტე თსუ-ში ჩაბარება. აკადემია არასდროს მიზიდავდა და უფრო რთულ ამოცანას შევეჭიდე. სულ 1 თვე მქონდა წინ და ყველა საგანში მოუმზადებელი ვიყავი. აკვარელით არ ვიცოდი ხატვა, ძირითადად, გუაშით ვხატავ, არასდროს დამეხატა თაბაშირის პორტრეტი ფანქარში. საერთოდ არ ვიცოდი მოდელების ხატვა, არადა მოდელირება მინდოდა, სადაც ყველაზე მაღალი კონკურსი იყო. რამდენიმე დღეში მამამ რეპეტიტორთან წამიყვანა და მითხრა, სასწაულს მოახდენ, ამ ქალს თუ მოეწონეო. სამივე საგანში ამეცადინებდნენ. ისევ მოწონება მივიღე, მაგრამ 3 კვირის განმავლობაში მუდმივად ღამეების თენებით ვხატავდი. ჩემი თავის თავად გამიკვირდა, რომ თავისუფლად მივიღე მაღალი ქულები იმაში, რაც არასდროს გამიკეთებია. 7 წელი ვიყავი სტუდენტი, ყველანაირი პროტექციის, ქრთამის და სერიოზული მომზადების გარეშე.
– ქართულ ორნამენტს თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია. უამრავი ორნამენტის აღდგენა-გაციფრულებაზე იმუშავეთ…
– ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება გახდა ქართული ორნამენტი, რამდენიმეწლიანი მუშაობა ქართული ორნამენტების აღდგენა-გაციფრულებაზე. ესენი იმდენია, რომ ჯერ დასაწყისად ითვლება. მხოლოდ 250-მდეა აღდგენილი – ჩუქურთმა, ნაქარგი, ქვაზე კვეთილი საეკლესიო ორნამენტიკა, ფარდაგული, ხალიჩის ფიგურები.
პროექტი პირველი მცდელობაა ძველი ქართული ორნამენტების კომპიუტერულად განსხვავებული ტექნოლოგიური თანამიმდევრობით დამუშავებისა და მათი გამომსახველობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მათი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის.
ახლო წარსულში გამოიფინა მცირე ნაწილი საერთაშორისო გამოფენა „ეთნო-ფესტზე“, სადაც ყველა დანარჩენი მონაწილისთვის საჭირო იყო ის, რაც წარვადგინე. უზომოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, ქართველ მეწარმეებში თავისთავად, მაგრამ გასაოცრად დიდი ინტერესი ჰქონდათ უცხოელებს. ინტერნეტსივრცეში, უცხოელი ბლოგერების გვერდზე მოხვდა. ბევრმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ქართული ორნამენტიკა მარტო ჯვარედინი ნაქარგობა და მთაში შემორჩენილი სწორხაზოვანი ფიგურები არ არის. იქ მიღებულ გამოწვევებზე კიდევ ბევრია სათქმელი.
– ქართული ორნამენტების აღდგენა-გაციფრულებაზე მუშაობას ალბათ გააგრძელებთ….
– უკვე არის მომართვები, რომ ვიმუშაო ვერცხლის ძველ ნაკეთობებზე გამოსახული ორნამენტების გაციფრულებაზე. ვცადე და აღვადგინე აჭარული ნაქარგობების უწვრილესი დეტალები. გამოგზავნილი ფოტოებიდან გადახატვის გარეშე პირდაპირ კომპიუტერში გაცრეცილი, დაძენძილი ნაქარგიდან შეიქმნა კლიპარტი, ხალიჩა. ჯერ ამ საქმეში მარტო ვარ და ამდენს ვერ ვასწრებ.
ძალიან მჭირდება ამ საქმეში პრესის და ტელევიზიების თანადგომა. ალბათ 200 ადამიანზე მეტმაც კი არ იცის, რამხელა სიმდიდრე გვაქვს, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რამხელა ცოდნა და განძი იმალება და რამდენია შეუსწავლელი, გასაცოცხლებელი. ინტერესის გამოწვევა – ესაა მისი გადარჩენის მთავარი გზა. ჰოდა, მინდა, რაც შეიძლება მეტად გავავრცელო და ვისაუბრო ამ თემაზე.
რაც შეეხება ხატვას, ისევ დავიწყე, მაგრამ ჯერ ძველ, მიტოვებულ ნახატებს ვასრულებ. ასე გადავწყვიტე, რადგან ესაა სწორი. ხანდახან იქ უნდა დაბრუნდე, სადაც შეჩერდი და წარსულიდან წამოიღო ის, რაც ახალს შეგაქმნევინებს.
ვიტყოდი, რომ ქართული ორნამენტი ციხესიმაგრეში ჩაკეტილია და მასთან მისვლა ბევრ უშედეგო ბრძოლას მოიცავს, რადგან ძალიან ცუდ დღეშია. ყველაზე მეტად ის კომუნიზმის დროს და ე.წ. რევოლუციურ პერიოდში დაზიანდა. ხელნაწერთა ინსტიტუტში ბ. კუდავას დროს, როგორც იქნა, მოვიპოვე რამდენიმეს ნახვის უფლება.
არასდროს დამავიწყდება, იქიდან როგორი გამოვედი. სწორედ მაშინ დავუთქვი სამყაროს და მივხვდი, რომ ის ცოდნა მქონდა, რომელიც ქართულ ორნამენტებს გადაარჩენდა და შევძლებდი, თანამედროვე სახით დამეტოვებინა მომავლისთვის. არ მქონდა უფლება, ეს არ გამეკეთებინა. თუკი რამე ცოდნა და ნიჭი მომცა უფალმა, მხოლოდ ამ სახით დავუბრუნებდი ვალს სამყაროს. აი, ამის მერე უკვე სერიოზული მუშაობა დავიწყე. დღემდე ვცდილობ, ყველასთან და ყველგან ჩემი მცდელობა მივიტანო.
– 2007 წლიდან ხართ: დამოუკიდებელი დიზაინერი, ინდმეწარმე, მრავალ ადგილას მუშაობდით – მხატვარ-დიზაინერად, სარეკლამო აგენტად, ტექნიკურ რედაქტორად… მხატვრულ–სარეკლამო ფოტოების გადამღებად…
– მაშინ კომპიუტერული პროგრამების პროფესიონალური შესწავლა ადვილი არ იყო, თუკი სადმე კომპიუტერი იყო, ყველგან მივდიოდი, ყველა საქმეს ვიღებდი.დავიწყე ფოტოშოპის სწავლა. ცოტა ამიხსნეს და დანარჩენი ჩემით ვისწავლე. ნაწვალები ფაილი უამრავჯერ გამფუჭებია და ხელმეორედ გამიხსენებია ის თანამიმდევრობა, რითაც მივიღე ესა თუ ის ეფექტი. ვინმეც კი არ იყო, ვისაც ვკითხავდი. ქორელი ხომ საერთოდ გვერდით მსხდომის კომპიუტერიდან ვისწავლე. ყველა გაოცებული იყო, საიდან – როგორ ვახერხებდი. ახლაც თხუნელასავით ვიცი კომპიუტერში მუშაობა, ანუ ფანჯრების დასახელებები არ ვიცი. ზეპირად ვერ გეტყვი, საიდან სად გადახვიდე. სამაგიეროდ, ისეთი რამეები შემიძლია, ბევრმა რომ არ იცის…
არასდროს მიფიქრია შემოსავალზე. ახლაც ბევრჯერ გამიკეთებია უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად. განა იმიტომ, რომ ჩემი ფასი არ ვიცი. არა, სიტუაციის მიხედვით ვარ და ცოდნა მისთვის მაქვს, რომ გავცე. საინტერესოა ეს სფერო. ყოველ ჯერზე ისეთ დამკვეთს ხვდები, რაღაც ახალს იღებ.
ედუარდ შევარდნაძის ბიბლიოთეკის ოფიციალურ სექტორში იყო საინტერესო, რადგან იქ, მიზერული ხელფასის მიუხედავად, ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი, ჩემთვის ოფიციალურ სამსახურში მუშაობა სტრუქტურულად საინტერესო იყო. ჯერ მარტო ემირ ბურჯანაძე რად ღირდა, უდიდესი ადამიანი და საქმის მცოდნე. ჩვენი ურთიერთობა მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. სტამბები და გამომცემლობები შიგნიდან მქონდა შესწავლილი, საბეჭდ მანქანებთან მუშაობის სპეციფიკა, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგ შედეგს მაძლევდა. აგენტად და მენეჯერად მუშაობის უამრავი სამახსოვრო ისტორია მქონდა.
– უკვე 9 წელია მცირე სარემონტო ფირმა გაქვთ – დაგეგმარება და შიდა რემონტები. როგორ უთავსებთ შემოქმედებით საქმიანობას და სარემონტო საქმეს?
– შემოქმედებითად ვუყურებ ყველაფერს – ფერთა თეორია, ხაზები, ფორმები, დაგეგმარება… მე ვიხარჯები, როგორც ხელოვანი, ფუნჯით არა, მაუსით ვქმნი, თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით. მე, როგორც ხელოვანი, საზოგადოებისთვის ვიღვწი და თუ მათ არ სჭირდები, მაშინ არავინ ხარ. თუ გინდა საჭირო იყო, მაშინ ის უნდა გასცე, რისთვისაც იმ მომენტში მზადაა ხალხი და სჭირდება… სამწუხაროდ, ნახატები და გრაფიკა ჩვენთან არ არის პოპულარული, მათზე არ არის მოთხოვნა, ძალიან დამამცირებელი წარმოდგენაც აქვთ გრაფიკაზე.
– გაქვთ გვერდი: დეკორატორი. გქონდათ ჯგუფური და ერთი პერსონალური გამოფენა…
– სამწუხაროდ, მე მაშინ ვსწავლობდი, როცა ბნელოდა და ციოდა, აკვარელის ქაღალდიც კი პრობლემა იყო. მაგრამ მაინც ყველა ჯიუტად დავდიოდით სასწავლებელში. არ მახსოვს ვინ, მაგრამ აკვარელის ქაღალდის მაგივრად რომელიღაც თანაკურსელმა ტილოს ფაქტურის შპალერი მოიტანა, ყველამ ავიტაცეთ იდეა. ახლაც მაქვს შპალერზე შესრულებული ნამუშევრები, კარგი გამოვიდა. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ იყო მხატვართა კავშირი, ცისფერ გალერეაში სეზონური გამოფენები იმართებოდა, სადაც ყველას უსასყიდლოდ შეგვეძლო მონაწილეობის მიღება, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ და რამდენად ცნობილი იყავი. ნათელა იანქოშვილის და მისი მსგავსი დიდი ხელოვანების გვერდით ეკიდა ჩემი ნამუშევრები და ეს ძალიან ამაღლებდა თვითშეფასებას.
მოგვიანებით, როდესაც, სამწუხაროდ, გამოფენის გამართვა მხოლოდ ფულით შეიძლებოდა, ძალიან ბევრმა შეწყვიტა ხატვა. ახლაც რომ დაიწყოს ცისფერ გალერეაში სეზონურები, ისევ გამოვფენ ნამუშევრებს. პანდემიის დროს ვირტუალურ საერთაშორისო გამოფენაზეც ალალბედზე გავგზავნე სტუდენტობის დროინდელი ნახატი და ბევრ წარმატებულს შორის მოხვდა.
– დაამთავრეთ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, მცირე ბიზნესის დაგეგმვის, წარმოებისა და მომსახურების ტექნოლოგიები. 2021 წელს ევროპის ბიზნესსკოლა. ხართ მარკეტოლოგი, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი… როგორ გეხმარებათ ბიზნესი ცხოვრებაში?
– სპეციალურად გავიარე კურსები ზუსტად იმისთვის, რომ ჩემი პატარა ბიზნესი მემართა. ყველა ცოდნას აქტიურად ვიყენებ, ჩემი რემონტის და დიზაინის გვერდს თავად ვმართავ, ფოტო-ვიდეო გადაღებასაც მე ვაწარმოებ, არ ვიყენებ ფასიან რეკლამებს, მაგრამ აუდიტორიას მაინც ვაღწევ. საქმეში ოჯახურად ვმართავდით. რაც მარტო დავრჩი, დამჭირდა, ყველა ფუნქცია მე შემეთავსებინა, რადგან პანდემიისას სარემონტო საქმე თითქმის გაჩერებული იყო. ახლა აზომვა, ხარჯთაღრიცხვა, მასალის შეძენა-ტრანსპორტირება და ხელოსნების მართვა – ყველაფერს მე ვაკეთებ, მცირე მეწარმეს ადვილი ურთიერთობა გვაქვს საგადასახადოსთან. ამიტომ არც ეგ ჭირს.
– ზედმეტი სახელი: იდეინა, ვუდი-ვუდბეკერი (ყველაფერს რომ ვასწრებდი და ყველგან ვარ დღემდე). დღემდე ამართლებთ ამ ზედმეტ სახელს? ახალი იდეა რა გაქვთ? ახალი საქმის წამოწყებას ხომ არ აპირებთ?
– რა თქმა უნდა, ვამართლებ და ძალიან მეამაყება, ეს რომ შემიძლია. არც ღამის გათევას ვერიდები, როცა საქმეს სჭირდება და არც დაცემამდე მოძრაობას. რა თქმა უნდა, ბევრი გეგმა და პროექტი მაქვს, რომელიც პირველი გამოვა, ის იქნება ახალი.
– ჰობი…
– ძალიან ბევრ რამეს ვარ მოდებული, რამე თუ დამაინტერესებს, ადვილად ვეუფლები ცოდნას, არ არსებობს, ვერ შევძლო. ქსოვის 5 სახეობა ვიცი, კერვა, სახლის რემონტს დიდი ხანია ჩემით ვასრულებ, სხვა უმრავლეს საქმეს – ავეჯის გადაკეთებას, განახლებას.
ჰობია პოეზია: 300-მდე ლექსი, სკეჩი დავწერე. ძირითადად, ლექსს ვწერ, რამდენიმე სკეჩი, 2 დაუმთავრებელი ბიოგრაფიული მოთხრობა.
ფოტოგადაღება ბავშვობიდან მამამ შეგვასწავლა და ერთ-ერთი გასართობი იყო. დღემდე ჰობად რჩება, უმეტესად პეიზაჟებს ვიღებ.
– სამომავლო გეგმები…
– ისევ დავბრუნდები საგამოფენო სივრცეში, შეხვედრებზე, კამერასთან, ყველგან, სადაც ვიყავი და მცნობდნენ, ნელ-ნელა გამოვაჩენ, რაც ამ სიჩუმის წლებში შევქმენი.
თამარ შაიშმელაშვილი