„ერთ ღამეს მერცხლები დამესიზმრა, თითქოს წრეს უვლიდნენ ჩვენს სახლს… გავიღვიძე და წერა დავიწყე“…

დაიბადა ლანჩხუთში. მისი პირველი მეგობრები იყვნენ კაკლისა და ატმის ხეები… ამბობს, რომ ლაპარაკი ფოთლებთან დაიწყო…
თბილისის 192-ე საჯარო სკოლის
დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამჟამად სამედიცინო ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტია.
ბავშვობიდან წერს ჩანახატებსა და მოთხრობებს.
მისი მინიატურები დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულსა“ და „ჭაშნიკში“. შარშან კი მისი საბავშვო ნოველა – „ფრენის ხმა“ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე გამარჯვებულებს შორის მოხვდა.
ამბობს, რომ
 ცდილობს, ინტერესის ორი სფერო – მედიცინა და წერა ერთმანეთს შეუთავსოს. „წერა იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ თავისთავად მოდის, ემოციის გამოხატვისა და  საკუთარ თავთან თვალის გასწორების თანდაყოლილი სურვილით“.  – ლიზი სარჯველაძის პერსონა.

–  ლანჩხუთში დაიბადეთ. ბიოგრაფიაში ამბობთ,  რომ პირველი მეგობრები კაკლის და ატმის ხეები იყვნენ და ლაპარაკი ფოთლებთან დაიწყეთ…. ალბათ უკვე წერდით მაშინ…
–  ბუნებასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდან მაქვს.  ვრცელი, მწვანე ეზო გვქონდა, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებდი, იქ ვმეცადინეობდი, ვთამაშობდი, ვისვენებდი და ვივსებოდი მოგონებებით. ასე გახდნენ ხეები და ყვავილები პირველი მეგობრები. საინტერესო იყო მრავალფეროვანი დღეები, სილაღე და სიმშვიდე, ბევრი შინაური ცხოველი და ბოსტანში უფროსების დახმარება. ძალიან მენატრება ეს ყველაფერი… ინტენსიური წერაც მაშინ დავიწყე, როცა 15 წლის ასაკში თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და სოფლის მონატრება ვიგრძენი. პირველი ლექსი კი თოვლის ბაბუაზე 6 წლის ასაკში დავწერე, ბუხართან ვიჯექი და ვცდილობდი, სიტყვები მეპოვა.
–  სამყაროს აღქმის პოეტური ხედვა გქონდათ და მაინც თბილისის 192-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხეთ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში… რატომ მედიცინა?
– ლიტერატურასთან ერთად ძალიან მაინტერესებდა ბიოლოგია და ქიმია, ამიტომ გადავწყვიტე მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარება. ვცდილობ, ინტერესის ორი სფერო ერთმანეთს შევუთავსო. წერა იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ თავისთავად ხდება, ემოციის გამოხატვისა და  საკუთარ თავთან თვალის გასწორების თანდაყოლილი სურვილით.
სკოლა ძალიან მიყვარს და მენატრება. მახსოვს, ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი, მე-5 კლასში ვიყავი, ქართულის მასწავლებელმა, საოცარმა ქალბატონმა ასტრიდ ლინდგრენის წიგნები მაჩუქა. ეს იყო პირველი უკუკავშირი სიბეჯითისთვის, რაც წიგნის ენით ითქვა. ნონა მასწავლებელს 1990 წელს შეუძენია წიგნები, წაუკითხავს, ბავშვობაში უმოგზაურია და შემდეგ მისახსოვრა. ვიცი, რომ ყველა გვერდზე მისი თითების, ფიქრიანი თვალების კვალია და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– სკოლის სალიტერატურო გაზეთი და პირველი ნოველა…
– ყოველთვის ვგრძნობდი მასწავლებლებისგან მხარდაჭერასა და სტიმულს. თეა მასწავლებელმა  ჯერ კიდევ დაწყებით კლასში მიგვაჩვია ბავშვები პატარა მოთხრობების წერას. ჩემი მშობლებიც ყოველთვის ინტერესით კითხულობდნენ პირველ ნაწერებს, სერიოზულად აღიქვამდნენ და რჩევებს მაძლევდნენ. ალბათ ამ გარემოსა და დამოკიდებულების წყალობით გავაგრძელე წერა და საკუთარ თავზე მუშაობა. სალიტერატურო გაზეთიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ მასწავლებლები აღნიშნავდნენ და ახალისებდნენ მოსწავლეების მისწრაფებებს, მცდელობებს.
პირველი ნოველა ერთ ოთახზე მოგვითხრობდა, რომელსაც თუ უვლიდნენ და ასუფთავებდნენ, სინათლით იყო სავსე, თუ უყურადღებოდ დატოვებდნენ, ზრუნვას მოაკლებდნენ – სიბნელე და სიბინძურე ისადგურებდა. სიმბოლურად იმის თქმა უნდოდა 13 წლის ლიზის, რომ ჩვენს სულიერ სამყაროს უნდა გავუფრთხილდეთ, მუდმივად ვწვრთნათ და სინათლისკენ ვისწრაფოთ, რათა უსიყვარულობამ არ დაძლიოს სათნოება.
– სამედიცინო ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტი ხართ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სწავლას და წერას?
– სიმართლე გითხრათ, რთულია სწავლის აქტიური პროცესის პარალელურად წერა და შინაგან სამყაროში მოგზაურობა. მინიატურებსა და ლექსებს  დატვირთული გრაფიკის დროსაც ვწერ, რადგან როცა ემოცია მოდის, გვერდს ვერ ვუვლი, არ შემიძლია, რომ არ გადმოვიტანო ფურცელზე, ასე ბუნებრივად ხდება. მოთხრობებსა და სიუჟეტებს, რასაც პერსონაჟების საფეხურებრივი განვითარება სჭირდება, არდადეგების დროს ვწერ, სწავლისას კი – შთაგონებებს ვაგროვებ.
– ნოველამ „ფრენის ხმა“  რევაზ ინანიშვლის სახელობის ლიტერატურულ კონკურსზე გაიმარჯვა. თქვენ გადმოგეცათ იტალიაში მოღვაწე პროფესორის, სოლომონ ნერგაძის მიერ დაწესებული პრემია ახალგაზრდებისთვის. როგორ დაიწერა ეს ნოველა? რა იყო თქვენი სათქმელი?
„ფრენის ხმა” ჩემი პირველი, შედარებით ვრცელი მოთხრობაა. ბავშვობაში ჩვენს სახლს ბევრი მერცხალი სტუმრობდა, დღესასწაული იყო მათი მოფრენა, ჩვენთან ბინის დადება და ბარტყების გამოჩეკა. მახსოვს, ერთ წელს ჩვენმა კატამ მათი ბუდე დაანგრია, ძალიან განვიცადე. მას შემდეგ ვფიქრობდი, რამე დამეწერა მათზე, თითქოს ბოდიშის მოხდა, სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა მინდოდა.
ერთ ღამეს მერცხლები დამესიზმრა, თითქოს წრეს უვლიდნენ ჩვენს სახლს, რომ გავიღვიძე, წერა დავიწყე. ასე შეიქმნა „ფრენის ხმა”.
მინდოდა, ფრინველების თვალით დამენახა ადამიანები და მთავარი სათქმელიც ესაა –  სინდისის ხმას უნდა ვუსმინოთ, ვეცადოთ, ღირდეს ჩვენი ამ ქვეყნად მოვლინებაც და გარდაცვალებაც. ასეთი ხმა კი მოთხრობაში ერთი პატარა მერცხალი – დელიაა.
რაც შეეხება, კონკურსს, პირველად შეაფასეს პროფესიონალებმა ჩემი ნაწერი, უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ამ პირველმა ნაბიჯმა რწმენა შემმატა საკუთარი თავისა, პასუხისმგებლობა მაგრძნობინა სიტყვის მიმართ და ძალიან ბედნიერი, დასამახსოვრებელი, ფერადი ემოცია დამიტოვა.
–  როდის წერთ მინიატურებს?
– მინიატურებს მაშინ ვწერ, როცა ემოცია და იდეა, ერთდროულად, ჩემგან დამოუკიდებლად მოდის. არის ნაწერი, რომელშიც ჩემს ისტორიებს, ბავშვობის თავგადასავლებს ვყვები, ზოგჯერ კი საყვარელ ავტორებს ვწერ წერილს, რამდენიმე მინიატურა სახარების შეგონებებს ეხმიანება. ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც გურული ამბებია, რომლებსაც ზაფხულობით ვაგროვებ. „დიალექტიკური აღმოჩენები“, ადამიანთა ურთიერთობები და იქაური ატმოსფერო ძალიან მიყვარს.
– საინტერესოა თქვენი პატარ-პატარა ჩანაწერები ანუ პოეტური პროზა… კარგი იქნება, თუ გააგრძელებთ წერას… რომელ მინიატურას გამოყოფდით თავად?
– მიჭირს რომელიმეს გამოყოფა, ყველა მათგანი ხომ მე ვარ… განსაკუთრებით მიყვარს ბებია-ბაბუების მოხუცებულობის ამბები. როცა ამ თემებზე ვფიქრობ, მთლიანი ცხოვრების შეჯამება მიწევს. ჩემს თავს ვეკითხები, როგორ წარმომიდგენია სიბერე, რას განიცდიან ცხოვრების კიბის უკანასკნელ საფეხურზე მყოფი ადამიანები, როგორ აფასებენ წარსულს, მომავალს, რა სიბრძნეს ინახავენ და რა დარდი მიაქვთ გულით…
იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანი დავბერდებით მშვიდი, სიყვარულით სავსე სიბერით, განვლილ ცხოვრებაში კი უფრო მეტ ბედნიერ ძვირფას წამს დავინახავთ, ვიდრე სინანულსა და მწუხარებას.

ძმისშვილებთან ერთად

–  ალბათ მალე წიგნსაც გამოსცემთ…
– სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრს მხოლოდ ოცნებებში ვბედავ. ძალიან მინდა ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ნაფიქრალი, ნაწერი, იქნებ ვინმემ საკუთარი თავი, ნუგეში და იმედი იპოვოს. თუკი მკითხველის სულის სიმებს შევეხები, ამის მეტი არაფერი მინდა. ჩავთვლი, რომ მთავარი მისია შევასრულე.
– ვის მიბაძავდით?
– ყოველთვის ვცდილობ, დედიკოს მივბაძო, მისი ადამიანური, სუფთა ბუნება ამოუხსნელია ჩემთვის.
რაც შეეხებათ ავტორებს, ძალიან მიყვარს ასტრიდ ლინდგრენი, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, ვაჟა-ფშაველა, შოთა ნიშნიანიძე… ალბათ ეტყობა ჩემს ნაწერებს მათი სიყვარული. მიბაძვით კი არასდროს მიცდია. ვიცი, არ გამომივა, თორემ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი მათგანის ლიტერატურული შვილი.
– ჰობი…
– ძირითადი საქმიანობა მაინც წერა-კითხვაა. თუმცა მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა, ლაშქრობები მეგობრებთან ერთად, სოფელში სამეურნეო საქმეები, ძმისშვილებთან ერთად თამაში… თავისუფალ დროს ალბათ ყველაზე ხშირად ფიქრში ვატარებ, ხან ძველ ამბებს, განცდებს ვალაგებ და „ვვარცხნი”, ხან მომავლის ბურუსში ვმოგზაურობ. თუმცა მინდა, მეტი ფიქრი აწმყოს დავუთმო და  საკუთარ თავს ვკითხო, თუ  რას ვგრძნობ აქ და ახლა, როგორ ვარ, როგორ ვხედავ საკუთარ თავსა და სამყაროს, რომელ წერტილში ტყდება ფიქრის სხივები…
– რას შეცვლიდით ირგვლივ – თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობასა და სიყვარულს ვისურვებდი, ადამიანისთვის კი –  საკუთარი თავის, ჩვენში მყოფი ღმერთის უკეთესად გაცნობას. „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.
–  სამომავლოდ…
– ამჟამად ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, თუ რა არის ჩემი მისია, რა შემიძლია გავაკეთო ისეთი, რომ ყველაზე მეტი სარგებელი მოვუტანო ოჯახს, სამშობლოსა და სამყაროს. წერასა და სწავლას ვაგრძელებ, იმედია საკუთარ თავთან მალე მივალ და ვუპასუხებ კითხვას – თუ რისთვის ღირს ჩემი სიცოცხლე…

                                                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები