„მივაკვლიე იდეას, რომელიც საბოლოოდ ჩემი ხელწერა და სავიზიტო ბარათი გახდა“ – დაფხვნილი მარმარილო ფერწერაში და თბილისი – შთაგონების ქალაქი

დაიბად თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა და ხელოვნება. საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების განხრით დაამთავრა.
ამბობს, რომ, როგორც ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი, მუდმივად სიახლის ძიებაში და ფერწერაშიც ახალი, საკუთარი, ორიგინალური მეთოდი გამოყენებანდოდა. მიაგნო კიდეც ამ სიახლეს – ფერწერაში დაფხვნილმარმარილოს  გამოყენება ინოვაციურია და  უჩვეულო ეფექტს ქმნის.
უამრავი გეგმა და წამოწყება აქვს, თუმცა ახლა მთავარი გატაცება თიხა და თაბაშირია. დეკორატიულ ნივთებს ამზადებს და აფორმებს.  მხატვრისა და ფერმწერის, თამუნა საჯაიას პერსონა.

– ხელოვნებისა და ხატვისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ბაბუaჩემი თვითნასწავლი მხატვარი იყო, ჩვენს ოჯახში ხელოვნებას ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა მინიჭებული. რადგანაც ოპერის გვერდით ვცხოვრობდით, მჭიდრო კავშირი მქონდა რუსთაველის თეატრის მსახიობებთან, ოპერის მომღერლებთან, ხშირად ვსტუმრობდი კულტურულ ცენტრებს, მუზეუმებს, გამოფენებს, რამაც ხელოვნებისადმი სიყვარული გამიმძაფრა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებას ფერწერას დავუკავშირებდი და ჩემს ემოციებს ნახატებში გადავთარგმნიდი.
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდიდან რას გაიხსენებთ?
– აკადემიაში სწავლისას ვმუშაობდი ბატიკაზე, გობელენსა და ხალიჩაზე. ყოველთვის უფრო მეტად ბატიკა და ხალიჩა მიყვარდა. წლების შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ფერწერაა ჩემი, თუმცა, როგორც ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ და ფერწერაშიც მინდოდა ახალი, საკუთარი, ორიგინალური მეთოდი გამომეყენებინა. ჩემ  მიერ შემუშავებული ტექნიკით შევქმენი ქოთნები, დეკორაციები, ნახატები.
2017 წელს გამოფენა მქონდა თუმანიშვილის თეატრში, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი ხელოვანებისა და უცხოელ სტუმრებისგან, სწორედ ამიტომ ტრენინგების ჩასატარებლად  რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მიმიწვიეს. ჩემი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში.
 ფერწერაში დაფხვნილ მარმარილოს იყენებთ – რას იტყოდით თქვენ  მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიაზე?
– დაფხვნილი მარმარილოს ფერწერაში გამოყენება ინოვაციურია და  უჩვეულო ეფექტს ქმნის. უაღრესად საინტერესო სამუშაოა! მუშაობის პროცესს რამდენიმე ფაზად ვყოფ, თუმცა ჩემი საყვარელი ნაწილი პალიტრაზე მუშაობაა. საბოლოოდ შესრულებული ნახატი, ბარელიეფის ამოყვანისა და ფერთა გამის მიხედვით, 3D ეფექტს ქმნის.
დაფხვნილი მარმარილოთი შესრულებული ბარელიეფური ნახატი თავისუფლად შეგვიძლია ფასადისთვისაც გამოვიყენოთ, რადგან საღებავი  და მასალა წყალგამძლეა, შესაბამისად, მასზე არც თოვლი მოქმედებს და არც წვიმა.
როგორ მივედი ამ ორიგინალურ იდეამდე?
– როგორც ხელოვანი, მუდმივად ძიების პროცესში ვარ, ვეძებ ახალ მასალას,  იდეას,  შთაგონების ახალ წყაროს. ერთ-ერთი მორიგი იდეაც მუშაობის პროცესში გაჩნდა… ისევ ვეძებდი რაიმე საინტერესოს და ორიგინალურს. ვიფიქრე, ინოვაციური იქნებოდა, ფერწერაში მდგრადი და წყალგამძლე მასალის გამოყენება და მივაკვლიე იდეას, რომელიც საბოლოოდ ჩემი ხელწერა და   სავიზიტო ბარათი გახდა.
რთულია თუ არა ამ ტექნიკით მუშაობა? საქმე მოცულობითია და  დიდი დროც სჭირდება...
– რთული და შრომატევადი პროცესია, თუმცა, როგორც ვახსენე, ჩემთვის ხელოვნება ემოციების და გრძნობების თარგმნაა.
ყველა ეტაპის გავლით, დაახლოებით 5-10 დღე სჭირდება თითო ნაშრომს. ძირითადი დრო გაშრობას მიაქვს… ბარელიეფური ტექნიკა ძალიან უხდება პეიზაჟებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე დავხატე. ძალიან მინდა სხვა ქვეყნების საინტერესო ხედების შექმნაც. ნახატებზე მეტად რთული სამუშაო დეკორატიული ქოთნებია, რადგან წრიულად გიწევს მუშაობა…
– რა გამოხმაურება მოჰყვა 2017 წელს გამართულ თქვენს პერსონალურ გამოფენას?
– მინდა გითხრათ, რომ მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა. თუმცა ჯგუფურ გამოფენებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, პერსონალური გამოფენა საინტერესო იყო… ვინაიდან ახალ ტექნიკას ვიყენებ, მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა სტუმრებზე. მესიამოვნა დამსწრე საზოგადოების შთაბეჭდილებები.
– მეგობარი მხატვრები და ინტერნეტით გაცნობილი კოლეგები ინტერესდებიან ახალი ტექნიკით და უამრავ შეკითხვასაც გისვამენ, თუ როგორ მიხვედით ამ აღმოჩენამდე…
– მსურდა რამე ძალიან გამძლე… თიხა და თაბაშირი არ იძლევა ასეთ ეფექტს და მარმარილომ მომცა. მარმარილო იმდენად მდგრადია, ძალიან დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ დაზიანდეს და სივრცულ ეფექტსაც მეტად ქმნის.
გამოფენის შემდეგ ბევრი უცხოელი სტუმარი და ხელოვანი დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით. როგორც აღვნიშნე, ჩავატარე ტრენინგები, სემინარები… ჩემი ნახატები კი უცხოელმა კოლექციონერებმა შეიძინეს.
მომავალში მეტ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ.
 თუ გყავთ მოწაფეები?
– მოწაფეები არ მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აქვს სურვილი. ახლა ძალიან დატვირთული ვარ და საკმარისი დრო მოწაფეებისთვის არ მრჩება, თუმცა ვიმედოვნებ, მალე მათთვისაც შევძლებ ჩემი ცოდნის გაზიარებას.
– გვიამბეთ თქვენს სხვა გატაცებებზეც…
– ჩემი ბოლოდროინდელი გატაცებაა –  თიხასა და თაბაშირზე მუშაობა. დეკორატიულ ნივთებს ვამზადებ და ვაფორმებ, მაგალითად, ზარდახშას, თიხის ნივთებს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარი სრულიად თავად შევქმნა. ახლა ბაზარზე უამრავი მასალაა, საშუალებაა, შანსია, იპოვო და აღმოაჩინო ახალი.  მიყვარს, როდესაც ნამუშევრებს სრულიად თავად ვამზადებ, რადგან, როგორ აღვნიშნე, მიყვარს სიახლეების აღმოჩენა და მრავალფეროვანი მასალით მუშაობა.
ჩემი უახლესი ნაშრომებია: ზარდახშები გაზაფხულის თემატიკით. ზარდახშაც თავად დავამზადე და დიზაინზეც მე ვიმუშავე.
– თქვენი ნამუშევრების ნახვა  შეიძლება  ფეისბუქზე:  Tamuna Sajaia Art   ასევე, ინსტაგრამზე:  https://instagram.com/tamarts_s?igshid=YmMyMTA2M2Y=
რა გაძლევთ შთაგონებას?
– ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თბილისი განსაკუთრებით მიყვარს, ჩემი პირველი გამოფენის ინსპირაციაც სწორედ თბილისი იყო, ბარელიეფური ნამუშევრები საქართველოსა და თბილისის ხედების ინსპირაციით შეიქმნა.
გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ღამის თბილისში სეირნობა შთაგონებას მაძლევს. ასევე, ინსპირაციას მაძლევს: რენესანსი და იმპრესიონიზმი… ეს ორი ხანა მხატვრობაში ჩემთვის ყველაზე საყვარელია, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.
სამომავლო გეგმები
– სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს. მინდა მეტი გამოფენა გავმართო სხვადასხვა თემატიკაზე, რომელიც უკვე ჩაფიქრებული მაქვს… ასევე მინდა, აქტიურად ჩავერთო ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებაში. ვფიქრობ, ჩემი სოციალური ქსელებიც მეტად უნდა ავამუშაო და, როგორც ყოველთვის, ვიპოვო რაიმე ახალი და საინტერესო.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება და ახლა სააღდგომო დეკორაციებზე ვმუშაობ, რომელსაც ასევე თავად ვქმნი და ვაფორმებ.
უამრავი გეგმა და წამოწყება მაქვს, თუმცა ახლა ჩემი ძირითადი გატაცება თიხა და თაბაშირია.

 

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები