ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, 1922 წლის დოკუმენტის საფუძველზე, ე.წ. საზღვრის “რუკა-გეგმა” შეადგინა
ე.წ.სამხრეთ ოსეთის კომისიამ, “საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში” ცალმხრივ საფუძველზე, “რუკა-გეგმის”პროექტზე მუშაობა დაასრულა.
როგორც კომისიის ე.წ. თავმჯდომარემ, გარი მულდაროვმა განაცხადა, პროექტის შედგენისას კომისია “სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს №2 დადგენილებით „სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ“ ხელმძღვანელობდა, რომელიც 1922 წლის 20 აპრილით არის დათარიღებული.
“საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე შემუშავდა სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში და საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის „რუკა-გეგმის“ პროექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომისიამ ზემოაღნიშნული დოკუმენტები 2 მარტს დაამტკიცა და “შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად რესპუბლიკის პრეზიდენტს გაუგზავნა”.