“საქართველომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, აფხაზები, სამშობლოს დაცვის საკითხში ერთნი ვართ, როგორც არასდროს” – “ამცახარა”
ოკუპირებული აფხაზეთის პარტია “ამცახარას” თავმჯდომარის, ალექსეი ცუგბას განცხადებით, “საქართველოში შექმნილი ვითარება მეორე ფრონტის გახსნას არ გამორიცხავს”.
ამის შესახებ მან პარტიის მე-14 ყრილობის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც ესწრებოდა.
“ამ “მეორე ფრონტის” ერთ-ერთი ფლანგი აფხაზეთია. ჩვენი ამოცანაა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს. ამისათვის, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა. საქართველომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, აფხაზები, სამშობლოს დაცვის საკითხში ერთნი ვართ, როგორც არასდროს. წინააღმდეგობის გაწევის ჩვენი მზადყოფნა, ენგურს გაღმა გახურებულ თავებს გააციებს”,- თქვა მან.
ცუგბამ აღნიშნა, რომ “ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები მიიღო, მათ შორის თავდაცვის ხარჯები გაზარდა, ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო ობიექტები შენდება, წესრიგდება სამხედრო ნაწილები, სამხედრო ქონების რეზერვები იქმნება, სამობილიზაციო მზადყოფნის გაზრდისთვის ღონისძიებები ტარდება, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები”.
„ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი ოპონენტების უკან დგას კოლექტიური დასავლეთი, ჩვენს ზურგს უკან დგას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – რუსეთი. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ძლევამოსილ აფხაზურ-რუსულ მუშტს ძალუძს ქართველი რევანშისტების შეკავება და „მეორე ფრონტის“ გახსნის დაუშვებლობა“, – დასძინა მან.
ცუგბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ამცახარა” “მხარს უჭერს აფხაზეთის ხელმძღვანელობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და რუსეთთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით”.