“საქართველოში აპრილ-მაისში ხელისუფლების დამხობის და მეორე ფრონტის გახსნის მიზნით აქციები იგეგმება” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ “ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას და მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს”.

ამის შესახებ მან პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე თქვა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად მძიმეა, რუსეთი იძულებულია – ჩაატაროს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, მაშინ როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღებით მის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

„მტერი ვერ გაივლის, ვინც  უნდა უბიძგებდეს მას. ვახორციელებთ ფართომასშტაბიან სამუშაოებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ჩვენ არ გვჭირდება ომი, მაგრამ რუსეთთან ერთად ყველაფრისთვის ვართ მზად“, – განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ლიდერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფოა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები და იმავე ძალებს სურთ “საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა”.

„ამ მიზნებისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები იგეგმება. დღეს ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე 2008 წელს იყო. ამ პირობებში ჩვენ მუდმივად უნდა ვაძლიერებდეთ ყოვლისმომცველ, მრავალმხრივ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები