“ე.წ.სუვერენიტეტის აღიარება და ეკონომიკური კავშირების დამყარება” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო დელეგაციები ავღანეთსა და ლიბიაში იმყოფებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციები, სამუშაო ვიზიტით, ლიბანსა და ავღანეთში იმყოფებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო უწყების მედიაცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მივლინებების მიზნებს შორის არის ქაბულსა და ბეირუთთან ეკონომიკური, ჰუმანიტარული კონტაქტების გაძლიერება და სავაჭრო სახლების შექმნა.
მანამდე, ე.წ. მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკა ყურადღებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებაზე ამახვილებს.
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ განაცხადა, რომ დამასკოში ე.წ. დიპლომატიური მისია აქტიურად და წარმატებით მუშაობს რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გასავითარებლად.
მისი თქმით, საუბარი შეიძლება, მიდიოდეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის აღიარებაზე, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე. მაშინ ე.წ. ელჩმა “მეგობარი სახელმწიფოები” არ დაასახელა.
9 თებერვალს ინალ არძინბა რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაციას შეხვდა, სადაც განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების, ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარებისა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.