„ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა – ვიზაჟი და ფერწერაა, ორივე მიყვარს, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემთვის მაინც მთავარია“…

ზოდიაქოთი თევზებია, ბავშვობიდან ხატავ. პედაგოგიური განათლება. ასევე ორი წელი გავდიოდი სახვით ხელოვნებას. 90-იან წლებში სილამაზის კონკურსის – მის კავკასიას“ პრიზიორი და ფოტომოდელიც იყო, ერთხანს ცეკვავდ ანსაბლში. თუმცა ეს საქმიანობები  ხელს არასდროს შლიდა ხატვაში.
ამბობს, რომ ვიზაჟისტობა ყოველთვის ეხერხებოდა, პოდიუმზე გასვლის წინ ყოველთვის თვითონ იკეთებდ მაკიაჟს. ბოლო 9 წელია, სერიოზულად ამ პროფესიას მისდევს. ვიზაჟის პედაგოგადაც მუშაობს.
დაინტერესებული ფსიქოლიგიით. გაიარ ფსიქოლოგის კურსი. რომ არ ყოფილიყ მხატვარი, ვიზაჟისტი, პედაგოგი და ა. შ.  და ვირჩევდე პროფესიას, ფსიქოლოგობას ავირჩევდი.
წერ პატარ-პატარა ჩანახატებს. ყვარს ადამიანები
„ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა ვიზაჟი და ფერწერაა, ორივე მიყვარს, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემთვის მთავარია. – მაია გიორგაძის პერსონა.

 ბავშვობიდან ხატავდით. ოჯახი, მშობლები… გაიხსენეთ საინტერესო ბავშვობიდან…
– ძალიან ლაღი, ნათელი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ადრე დაიღუპა ავარიაში, უმამობა არ მიგრძნია, რაც დედის დამსახურებაა, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი დაგვკლებოდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ხატვა, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა  და სპორტი. ძალიან შემოქმედებითი, აქტიური და ცელქი ბავშვი ვიყავი. მიყვარდა ლიტერატურა, თავისუფალი თემების წერა და კითხვა. ბავშვური მოგონებებიდან  ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება  მოახდინა პატარა იგავმა „ამაყი ყვავილი”. თავმომწონე, ლამაზი ყვავილი, როცა ნაკადულის გარეშე დარჩა, დაჭკნა. ძალიან ცხოვრებისეულია. სწორედ იმ ყვავილს ვხატავდი, მაგრამ ისე შემეცოდა, რომ მარტო დარჩა, ბევრი ვიტირე, მახსოვს, დედა როგორ მაწყნარებდა. ახლაც მახსოვს ის ემოცია, ზღაპრების პერსონაჟებს ვხატავდი და, საერთოდაც, სადაც კი ფურცელს ვნახავდი, ყველგან ჩემი ნახატებითაც იყო სავსე.
– ხატვა, ხელოვნება გიყვარდათ და მაინც, პედაგოგიური განათლება მიიღეთ…
– პედაგოგობა არ ვიცი, რატომ ავირჩიე. როგორც ბევრ მოზარდს ემართება: ხან მსახიობობა მინდოდა, ხან – მხატვრობა. ცოტა მერყევი ვიყავი, რაც ახლაც მახასიათებს. პედაგოგობა ალბათ უფრო მასწავლებელი ბებიის გავლენა იყო. თუმცა სწავლის პერიოდში ორი წელი ხატვასაც გავდიოდით, რაც ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილი იყო. შემდგომში ბავშვებსაც ვასწავლიდი სახვით ხელოვნებას.
ყოფილი მოდელი და სილამაზის კონკურსი – „მის კავკასიას“  პრიზიორი ხართ.  ფოტომოდელი, მოცეკვავე, 90-იან წლებში… თუ ხატავდით მაშინ ინტენსიურად?
– მიუხედავად 90-იანი წლების სირთულეებისა, ის პერიოდი ჩემთვის ძალიან ბედნიერი და შემოქმედებითად დატვირთული იყო, ინტენსიური და ლამაზი, სიყვარულით და სიხარულით სავსე დღეები ჩემს ცხოვრებაში. ვმუშაობდი და რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებდი. კონკურსში მონაწილეობამ, სადაც საქართველოს გარდა  სხვა ეროვნების გოგონებიც მონაწილეობდნენ, სტიმული და მოტივაცია მომცა.
ამის შემდეგ აქტიურად ჩავერთე სამოდელო საქმიანობაში. ჩვენებები, გადაღება, ვარჯიში. უცხოეთიდან შემოთავაზებაც მქონდა. მაგრამ  ვერ გავრისკე, რადგან მაშინ ასეთი რამ იშვიათობა იყო, იმიტომ რომ ყველას ვერ ენდობოდი. ამ მხრივ? ახლა უამრავი შესაძლებლობაა. ეს პერიოდი რომ ყოფილიყო, უფრო ვრეალიზდებოდი ამ სფეროში.
იმ პერიოდმა შემძინა დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა, გამოცდილება, მეტად დავიხვეწე და რაც მთავარია, შევიძინე მეგობრები, ვინც დღემდე მომყვება. რა თქმა უნდა, მაშინაც ვხატავდი, უფრო პორტრეტების, ადამიანების, სიუჟეტების ხატვით ვიყავი გატაცებული. ასევე ტუშით და კალმით ვქმნიდი კომპოზიციებს ჩემი წარმოსახვით. როგორც მაშინ ამ საქმის სპეციალისტებმა მითხრეს, თავისუფლად შემეძლო წიგნის ილუსტრაციებზე მემუშავა.
ვიზაჟისტობა ყოველთვის მეხერხებოდა, – ამბობთ. რადგან პოდიუმზე გასვლის წინ ყოველთვის თვითონ ვიკეთებდით მაკიაჟსო… როგორ დაიწყეთ ვიზაჟისტობა?
– მაშინ ჩვენ თვითონ ვიკეთებდით მაკიაჟს, რადგან არ გვყავდა ვიზაჟისტი, როგორც ახლანდელ მოდელებს. ეს პროფესია ყოველთვის მომწონდა, მინდოდა ხატვის პარალელურად ისეთი პროფესიით მემუშავა, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებდა. ბედნიერებაა, როცა შენი საქმიანობით სხვას აბედნიერებ. ვიზაჟიც ხომ, თავისებურად, ხელოვნებაა.
– ვიზაჟისტობა და ხატვა… როგორია მათი ერთად კეთება? როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
– ძალიან საინტერესო, არაფრით არ უშლიან ერთმანეთს ხელს. პირიქით, მხატვარს აქვს განსაკუთრებული ხედვა და ამ მხრივ ძალიან გეხმარება, რომ მაკიაჟი ინდივიდუალურად მოარგო ყველას. ასე რომ, მშვენივრად ვუთავსებ ამ პროფესიებს ერთმანეთს.
რომ არ ვყოფილიყავი  მხატვარი, ვიზაჟისტი, პედაგოგიდა ვირჩევდე რამე პროფესიას, ფსიქოლოგობას ავირჩევდიო… რატომ ფსიქოლოგობა?
– ფსიქოლოგია არის ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი. გეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში და მერე სხვების გაგებაში. ამიტომაც გავუარე ფსიქოლოგიის მოკლე კურსიც. ვარ კარგი მსმენელი და ასევე მრჩეველი. ვიცი სხვისი საიდუმლოებების შენახვა. მათთვის პატარა სკივრი მაქვს  გულში, სრულიად უცხო ადამიანებს, თავიანთი პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები მოუყოლიათ, რაც შეიძლება მეგობარსაც არ ანდო. ჩემი აზრით, თანაუგრძნო ადამიანს, გაამხნევო იმ დროს, როცა შენ თვითონ გჭირდება იგივე ხანდახან, თავისებური უნარია.
– ხატვა… ფერებით გადმოსცემთ  სილამაზეს, სულიერ  განწყობას…  როგორ იქმნება თქვენი პეიზაჟები?
– ფერწერა არის ის, რაც ჩემშია. სამყარო, გარემო, ფერებით გადმოვცემ მათ. ეს ყველაფერი ჩემი შთაბეჭდილებების, ფიქრების, სულის ნაწილია. ჩემი პეიზაჟების უმეტესობა ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, ცოტათი ზღაპრული.
– ანუ შთაგონებით ხატავთ?
– როცა რამეს ვხატავ, შთაგონება ყოველთვის მოდის. ეს შეიძლება იყოს: წვიმა, ზღვა, მზის ჩასვლა სანაპიროზე, რაიმე რომანტიკული მელოდია, საინტერესო წიგნი, კარგი ფილმი, თბილი შემოდგომა, თოვლი, კარგი განწყობა და სულაც რომელიმე მხატვარი. შთაგონება აუცილებელია, ისე ნახატი შენამდე ვერ მოვა. ნახატს ეს ყოველთვის ეტყობა.
ყველა ჩემს ნახატში ჩადებულია ჩემი ემოციები, განცდები, ოცნებები, მოგონებები. მაქვს ნახატები, რომლებსაც აქვთ ისტორია, მაგრამ ეს პირადულია. და კიდევ ასეთი რამეც მომხდარა, დამიხატავს და მერე რეალობაში, რაღაც პერიოდის შემდეგ, მართლაც რეალურად ასე ყოფილა.
– ამბობთ, რომ კარგი მსმენელი ხართ…
– ყოფილა შემთხვევა, სრულიად უცხო ადამიანს მოუყოლია თავისი ცხოვრებიდან  ძალიან პირადული რამ.  ძალიან მგრძნობიარე ვარ, მაგრამ ჩემი პრობლემების და განცდების სხვებისთვის თავზე მოხვევა არ მიყვარს, არც – წუწუნი. ცვალებადი ხასიათი მაქვს, თუმცა ამით სხვას არ ვაწუხებ.
– ჰობი…
– ხატვაა ჩემი ჰობიც და პროფესიაც.
–  წერთ ჩანახატებს…
როგორც უმეტესობა, მეც ბავშვობიდან ვწერ პატარა ჩანახატებს. ჩემი ჩანახატები, როგორც ჩემი ნახატები, რომანტიკულია, ადამიანურ სითბოზე, გრძნობებზე, სიყვარულზე, სევდაზე და, საერთოდ, იმაზეა, რაც გვაღელვებს ცხოვრებაში. აქაც მქონია შემთხვევა, რაღაც დამიწერია და მერე რეალობაში ასრულებულა. ზოგჯერ ნახატებსაც ვურთავ მცირე ჩანაწერებს.
– ზოდიაქოს მიხედვით, თევზები ძალიან რომანტიკულები და მგრძნობიარენი არიან… ხელოვანები, ფსიქოლოგები, ქველმოქმედნი…
– როგორც თევზების უმეტესობა, რომანტიკული და მგრძნობიარე  ვარ. მარტის ამინდივით მეცვლება  ხასიათი,  თუმცა ჩემი ცვალებადობით არავის ვაწუხებ. პირიქით, ჩემთან არასდროს მოიწყენთ. ძალიან კონტაქტური ვარ, მიყვარს ურთიერთობები, ახალი ადამიანების გაცნობა, საუბრები. ყველა ასაკის მეგობარი მყავს და მიყვარს ისინი.
– ამჟამად  რას ხატავთ?
– ჯერ არ ვიცი, რა გამოვა, ხანდახან ისე ვიწყებ, კონკრეტულად არ ვიცი, რას დავხატავ, თუმცა იდეა ყოველთვის მაქვს.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენა არ მქონია, ვნახოთ, რას გავაკეთებ მომავალში. თუ გინდა  ხელოვნებაში წარმატების მიღწევა, საკუთარი თავი ყოველდღიურად უნდა განავითარო. რომ უფრო მეტად ვრეალიზდე ამ სფეროში. სწორედ ეს შედის ჩემს გეგმებში.

                                                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები