ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაპატიჟა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა ეკონომიკურ და სამხედრო ნაწილში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მე არ ვაპირებ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღწერას. აქ, ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია, ისინი განსაკუთრებული ხასიათისაა“, – განაცხადა პუტინმა კრემლში.

მისი თქმით, ურთიერთობები ყველა ტრაექტორიაზე ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში.

„გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდამ 12% შეადგინა, პრინციპში კარგი მაჩვენებელია. თითქმის ყველა პროგრამა ვითარდება: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, სამხრეთ ოსეთის საკრედიტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამა“, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, შეხვედრისას გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის“ აღსანიშნავად ე.წ სამხრეთ ოსეთში დაპატიჟა.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს და ვისარგებლებ შემთხვევით და მიგიწვევთ სამხრეთ ოსეთში, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს.

2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნება“, – განაცხადა გაგლოევმა პუტინთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები