თეიმურაზ კუპატაძე: აქციის დროს დაკავებულთა ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე გათავისუფლდა და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე დაკავებულთან, ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე.

მისივე თქმით, დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა. დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებას შემაჯამებელი ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.
ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები