წარმოშობით საგურამოდანაა. დაამთავრა თბილისის 114-ე საჯარო სკოლა. 2011 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს ფსიქოლოგიის მიმართულებით.
ხატვა ბავშვობიდან უყვარს. მამა პროფესიონალი მხატვარი იყო. თვითონ კი თვითნასწავლია. ამბობს, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ არის. ხატვა მისთვის დაუსრულებელი პროცესია, მეორე დღეს აუცილებლად შეცვლის ნახატს, ჩაამატებს ან ამოშლის დეტალებს. – მარიამ ჭილაშვილის პერსონა.
– ბავშვობა, ოჯახი, მშობლები… მამა მხატვარი იყო… პირველი ნახატები…
– ბავშვობის წლები საგურამოში გავატარე. მე და ჩემს და-ძმას მშობლები, ბებია და ბაბუა გვზრდიდნენ. მამაჩემი თავისებური კაცი იყო, პროფესიით მხატვარი, თუმცა სამხედრო ცხოვრება არჩია და წოდებით პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. იმ მძიმე პერიოდის შემდეგ ხატვას გული ვეღარ დაუდო. სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადობისას, ხატავდა მხოლოდ. დედა სკოლაში ქიმია-ფიზიკის ლაბორანტად მუშაობდა. დილით ყველანი ერთად მივდიოდით სკოლაში და იქიდანაც ერთად ვბრუნდებოდით. მაშინდელი ხელფასები ძალიან მცირე იყო. დედა მე და ჩემს დას – ორივეს ერთ საგანში გვიხდიდა.
ხატვა ღრმა ბავშვობაში დავიწყე, ჩემი უფროსი და ყოველთვის მჯობნიდა. ვხატავდი ყველაფერზე: კედლებზე, წიგნის ყდებზე, საკონტროლოს და საშინაო დავალების რვეულებზე, საკონტროლოს მალ-მალე ვწერდი, რომ დახატვაც მომესწრო, მაშინ მწვანე ფერის რვეულები იყო, ჩემი კი – სულ მოხატული. ჩემი ამბავი მასწავლებლებმა იცოდნენ და აღარ მიჯავრდებოდნენ.
რვეულზე ადამიანებს სხვადასხვა სცენებში ვხატავდი, ძირითადად – მინიატიურულ სიუჟეტებს, ახლა კომიქსებს ეძახიან. სკოლაში საყვარელი საგანი ჩემთვის არ არსებობდა, არსებობდნენ საყვარელი მასწავლებლები. მე და ჩემი და კარგი მოსწავლეები ვიყავით.
90-იანებში სწავლას იმდენად დიდი ყურადღება არ ექცეოდა, მშობლები ბავშვების გამოკვებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ჩვენი თაობის ბავშვებმა ბევრი ტრავმა გადავიტანეთ. რომ ვაკვირდები, ჩვენთვის ცხოვრებაც უფრო სხვანაირი და რთულია. ხატვა კი ძვირფასი თავშესაფარი იყო.
– თბილისის 114-ე სკოლაში სწავლობდით… ხატვა და სხვა საგნები… სკოლის პერიოდიდან რა იყო დასამახსოვრებელი?
– მე-9 კლასიდან სკოლა შევიცვალე, ოჯახი თბილისში გადმოვედით და სწავლა 114-ე სკოლაში გავაგრძელეთ. მაშინ საყვარელი მეგობრები დავტოვე საგურამოში და ძალიან გამიჭირდა, თითქოს უცბად გავიზარდე.
– თსუ-ში სწავლობდით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს ფსიქოლოგიის მიმართულებით… სტუდენტობის წლებში ხატვისთვის დრო გრჩებოდათ?
– პროფესიის არჩევაში ოჯახი დამეხმარა, სიმართლე რომ ვთქვა, სხვა პროფესია მინდოდა, უნივერსიტეტიც ისე დავასრულე, ჩემი პროფესია ვერ შევიყვარე. 19 წლისას უკვე ჩემი გოგონა მყავდა, ხატვის დრო, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა, მე და ჩემი შვილი ერთად ვიზრდებოდით.
– „ძველი ქალაქი“, სახლები, ფანჯრები… რატომ გიყვართ ძველი სახლების ხატვა?
– ბავშვობაშიც მიყვარდა სახლების ხატვა, ახლაც მიყვარს. ავლაბარში ვცხოვრობ და ძველი არქიტექურა, შენობა-ნაგებობები ჩემზე გავლენას ახდენენ. ჩემს „სახლუკებს“ არ ვხატავ, ეს უფრო თამაშია, მომავალში პერსონაჟების ჩამატებას და სიუჟეტების შექმნასაც ვაპირებ.
– ნატურმორტები… ყვავილები, ქოთნები… ფერის გამორჩეული ხედვა, ზუსტად შერჩეული ფონი… როგორ იქმნება ეს ნამუშევრები?
– ნატურმორტები და ყვავილები ერთი ამოსუნთქვით იხატება, თავს არ ვიზღუდავ ფერებში და ფორმებში, წინასწარ არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ. მე ხელს მივყვები, ხელი მე მომყვება, ბევრჯერ მზის ამოსვლაც კი ვერ შემინიშნავს.
– რომელი ყვავილის ხატვა გიყვართ?
– თეთრი ყვავილების ხატვა მიყვარს, ვერაფერს შევადარებ, არ მახსენდება, ბუნებაში რეალურად არსებობდეს, ხშირად დავმჯდარვარ პეიზაჟის დასახატავად და ნატურმორტით დამისრულებია ხატვა.
ხატვა ჩემთვის დაუსრულებელი პროცესია, თუ დავხატე და გასაყიდად მალევე არ გავიტანე, მეორე დღეს აუცილებლად გადავხატავ ან შევცვლი, ჩავამატებ ან ამოვშლი დეტალებს. ჩემთვის არცერთი ნახატი არაა დასრულებული.
– ხშირად ხატავთ შერეული ტექნიკით და ბარელიეფის მასალით…
– ხშირად ვიყენებ ბარელიეფის მასალას, ჩემთვის არასწორი ზედაპირის ეფექტი და დაუკონკრეტებელი დეტალები ნახატში უფრო მომხიბლავია. ოჯახში ყველას განსხვავებული ხელი გვაქვს, მამას მეტი კონკრეტიკა უყვარდა ნახატებში, ჩემს დას საერთოდ არ უყვარს, მე მათ შორის ვარ, აქაც შერეულ ტექნიკას ვიყენებ.
– როდესაც იყიდება ნამუშევარი, რა გრძნობა გეუფლებათ?
– აქტიური ხატვა, როგორც ბევრმა, მეც ვირუსების დროს რომ ჩაგვკეტეს, მაშინ დავიწყე, ნამუშევრების რეალიზაცია კი – ცოტა მოგვიანებით, პერიოდულად სულ ვხატავდი, მერე კი ვაჩუქებდი ხოლმე ახლობლებს.
– როგორ გიდგას ოჯახი მხარში შემოქმედებით მუშაობაში?
– მყავს მეუღლე, გიორგი გოგიტიძე და ორი შვილი, 16 წლის ელენიკო და 8 წლის ლაშა.
მეუღლე სულ მიბიძგებდა, რომ ხატვისთვის მეტი დრო დამეთმო, მაგრამ ვერასდროს ვიცლიდი, მეორე ბავშვის შემდეგ საერთოდ შევინახე საღებავები, უფრო მას შემდეგ, ოთახი გვარიანად რომ დასვარა.
– მონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში… სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვაპირებ ხატვის აკადემიურად შესწავლას, მეც მინდა, წლების მერე მაინც ვთქვა თამამად: მხატვარი ვარ-მეთქი. მანდამდე ბევრი შრომა და სწავლაა წინ, მერე მამას დატოვებულ საღებავებს და მასტეხინს აუცილებლად გამოვიყენებ. მანამდე ვინახავ.
თამარ შაიშმელაშვილი