გორის სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებზე 200 000 ლარამდე დაიხარჯება.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები, გამოიცვლება კარ – ფანჯრები. დაგეგმილია გარე ფასადის, ასევე პატარა დარბაზის, შესასვლელებისა და ოთახების რეაბილიტაცია. შენობაში მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემა.
კულტურის სახლს, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩასტარებია.
პროექტის დასრულების შემდეგ, შავშვებში კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები რეაბილიტირებულ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.