ბადრი ესებუას თქმით, არ სურს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იყოს
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლო პროცესზე მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის აცილება მოითხოვა და თქვა, რომ არ სურს, მისი ინტერესები აღნიშნულმა ადვოკატმა დაიცვას.
„მას სურს, რომ მისი ინტერესები სასამართლო პროცესებზე დაიცვან იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ”, – განაცხადა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პროცესის დაწყებისას.
მოსამართლის განცხადების შემდეგ, ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბადრი ესებუაზე ზეწოლა მიმდინარეობს და ბრალდებულმა დამშვიდობების წინ უთხრა, რომ ეს მისი სურვილით არ მომხდარა.
„როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება. ფაქტია, რომ ძალოვან უწყებებს როგორც უნდათ ისე მართავენ ამ პროცესს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ბადრი ესებუა და მისი ოჯახი ეწირება ვიღაცის მიზნებს და ამოცანებს”, – თქვა კობაიძემ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი, რომელთაც სხდომაზე დაკითხავენ.