თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროსა და სოფელ შავსაყდარში, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” , სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები, დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა. საჯარო განხილვა ღია ფორმატით მიმდინარეობდა.და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის საშუალება მიეცა ყველა მონაწილე მხარეს. გზშ-ს ანგარიშის მიხედვით, ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და ოპერირება განხორციელდება საერთაშორისო სტანდარდების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. პროექტი ითვალისწინებს, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მის აღჭურვას ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული ობიექტი მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს, კერძოდ, წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისს.

ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საპროექტო რეგიონებში არსებული (ძველი) ნაგავსაყრელები ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. “ქვემო ქართლის ნარჩენების პროექტი” შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები