დამანგრეველი მიწისძვრა 24 წლის შემდეგ – როგორ განვითარდა მოვლენები წარსულში
თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვლის ღამეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით, დღისით ბიძგები კვლავ განმეორდა.
ერდოღანმა მიწისძვრას ყველაზე ძლიერი უწოდა 1939 წლის შემდეგ. მსგავსი სტიქია ქვეყანაში მოგვიანებითაც მომხდარა. ეს იზმითის მიწისძვრა იყო 1999 წელს.
რა არის ცნობილი 1999 წლის მიწისძვრის შესახებ?
1999 წელს მიწისძვრა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონში მოხდა. მისი ეპიცენტრი აღმოჩნდა ქალაქ გელჯუკთან ახლოს, ის კი, თავის მხრივ, ახლოს არის დიდ ქალაქ იზმითთან, რომელიც სტამბოლიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. ზუსტად ამიტომ, კატასტროფამ მეორე დასახლებული პუნქტის სახელი მიიღო.
გეოლოგიის თვალსაზრისით, თურქეთი აქტიურად მოძრავ ტექტონიკურ ფილაზე მდებარეობს და სამწუხაროდ, ძლიერი მიწისძვრების ძალიან დიდი ისტორია აქვს. მაგალითად, ტრაგედია, რომელიც 1999 წელს მოხდა, რიგით მეთერთმეტე იყო უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, რომელიც 6,7 მაგნიტუდის ან უფრო მეტი იყო.
მიწისძვრა 17 აგვისტოს 03:01 საათზე დაიწყო და 37 წამს გრძელდებოდა. რხევები 450 კილომეტრის დაშორებითაც იგრძნობოდა – ამ ტერიტორიაზე 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მარმარილოს ზღვაზე გაჩნდა ცუნამი. მიწისძვრის ადგილზე 100 კილომეტრის სიგრძის ტექტონიკური უფსკრული წარმოიშვა. მის ერთ-ერთ მონაკვეთზე გზამ და ხეებმა ადგილმდებარეობა 5,2 მეტრით შეიცვალეს. საერთო ჯამში, მიწის ზედაპირის 1,5-დან 5 მეტრამდე გადაადგილდა.
როგორი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მიწისძვრას?
მსხვერპლთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, შეადგენს 17 127-დან 18 373 ადამიანამდე. კიდევ 48 901 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. მაგრამ, არაოფიციალური წყაროების თანახმად, მსხვერპლი 30 თასს აჭარბებს.
ყველაზე მეტად დაინგრა ან დაზიანდა 4-8-სართულიანი რკინა-ბეტონის შენობები. მათი ნგრევის მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ ცუდ ბეტონს, პრობლემებს არმატურასთან, პირველ სართულზე ღია სივრცეების ქონას და შენობების კონსტრუქციულ ცვლილებებს (მაგალითად, დაშენებებს).
რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურას, დაზიანდა ტრანსევროპული ავტომაგისტრალი. ჩამოინგრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთი კოშკი იზმითში, დაზიანდა თურქული საზღვაო ფლოტის შტაბი გელჯუკში. დაზიანებები ასევე დაფიქსირდა სტამბოლში.
საქართველო ჩართული იყო სამაშველო ოპერაციაში
თურქეთის დასახმარებლად 12 ქვეყანა მივიდა. პირველმა რეაგირება მოახდინა საბერძნეთმა. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა, ისევე როგორც ახლა, საქართველომაც მიიღო. ქართული სპეცდანაყოფები ქალაქ კოჯაელსა და იზმითში იმყოფებოდნენ.
რამდენად ძვირი დაუჯდა ეს თურქეთს და როგორი გავლენა მოახდინა მიწისძვრამ ქვეყანაზე?
რაც შეეხება პირდაპირ მატერიალურ ზარალს, მსოფლიო ბანკის ანგარიშით, 1999 წელს მიღებული ზიანი 6,5 მილიარდი დოლარით შეფასდა. ამასთანავე, აღინიშნებოდა, რომ ეკონომიკური ეფექტი უფრო მაღალი იქნებოდა და შესაძლოა, 10 ან 20 მილიარდისთვის გადაეჭარბებინა.
თურქეთში მიწისძვრების პროგნოზირების ცნობილმა ექსპერტმა, პროფესორმა ჰვალუნ აჰმედ ერჯანმა სტამბოლში მოსალოდნელ ბიძგებს „დიდი მიწისძვრა“ უწოდა. თურქულ CNN-თან ინტერვიუში მან თქვა:
„2020, 2021, 2022 და 2023 წელი იქნება მიწისძვრების წლები თურქეთში. ამის ერთ-ერთი მთავარი წყაროა ტექტონიკური ფირფიტის ძვრები, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ეს მოძრაობა აგროვებს გიგანტურ ენერგიას, რომელიც მხოლოდ მიწისძვრების სახით გამოიყოფა“.
აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წელს. მაშინ ექსპერტი ამბობდა:
„1999 წელს გელჯუკში მომხდარი მიწისძვრის დროს გამოიცა 132 ატომური ბომბის აფეთქების ტოლი ენერგია. მოგვიანებით, მიწისძვრა მოხდა დუზჯეში. შედეგად, ამ რეგიონში დედამიწის ქერქის დაძაბულობა მოიხსნა. მას შემდეგ 22 წელი გავიდა და დაძაბულობა კვლავ კრიტიკული გახდა. ეს ნიშნავს, რომ მიწისძვრა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. 2035 წლის შემდეგ კი, ზოგადად, განგაში უნდა ავტეხოთ: ყველაზე სარისკო პერიოდი დაიწყება 2045 წლის შემდეგ და სტამბოლზე მოხდება ყველაზე ძლიერი დარტყმა, რომელსაც შეუძლია, უბრალოდ, გაანადგუროს ქალაქი.“