ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლაზე უარი უთხრეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ე.წ. რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მაღალჩინოსნებთან შეხვედრები 8-9 თებერვალს უნდა გაემართა.
როგორც ე.წ. უწყებაში განმარტავენ, უარის თქმის მიზეზი გახდა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გაუქმება, რომელიც 21-22 თებერვალს უნდა გამართულიყო, “გადაწყვეტილება ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს”.
„ბოლო დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები ობიექტური მიზეზების გარეშე და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება თანათავმჯდომარეების ქმედებებს ,,მიკერძოებულს,, უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ისინი აფერხებენ მოლაპარაკების პროცესს და დამატებით საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას.