აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ისა და ჩინეთის ხელისუფლებებმა TikTok-ის ამერიკულ აქტივებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს,- ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-მა აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტზე დაყრდნობით გაავრცელა.
ბესენტის თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და საბოლოო ფორმატით მისი გაფორმება მომავალ კვირაში იგეგმება.
დეტალები ამ ეტაპზე საჯაროდ არ ქვეყნდება, თუმცა შეთანხმება მოიცავს TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის, სტრუქტურის რეორგანიზაციასა და პლატფორმის ამერიკული სეგმენტის სამართავად ახალი ერთეულის შექმნას.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, აშშ-ში შეიქმნება ერთობლივი კომპანია, რომლის მფლობელობაში TikTok-ის ამერიკული აქტივები გადავა. ამ კომპანიის უმრავლეს წილს ამერიკელი და სხვა დასავლელი ინვესტორები ფლობენ, ხოლო ByteDance-ის წილი 20%-ზე ნაკლები იქნება.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება „წარმატებით მიმდინარეობს“ და მხარეები მზად არიან, შეიმუშაონ გრძელვადიანი მექანიზმები მონაცემთა დაცვისა და ალგორითმის უსაფრთხოებაზე თანამშრომლობისთვის.
TikTok-მა, რომელსაც აშშ-ში დაახლოებით 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს ავალდებულებდა TikTok-ის ამერიკული აქტივების გაყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ ბაზარზე შეიზღუდებოდა.