თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა. მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, გიორგი ბეროზაშვილმა კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო – კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.