ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მცხეთაში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ მცხეთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
“ტექნიკური მარილი დილიდანვე იყრება და გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ლისის, მუხათწყაროს, მცხეთის, საგურამოს და ნიჩბისის ცენტრალურ გზებზე და შიდა გზების პრობლემურ ადგილებზე.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას”, – აღნიშნულია მცხეთის მერიის ინფორმაციაში.