გელა ნიკოლაიშვილი: ყველამ დაინახა, რომ დევიდ სმიტმა სანდოობის ტესტი ვერ გაიარა

ყველამ დაინახა, რომ მან სანდოობის ტესტი ვერ გაიარა, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის ჩვენებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნა, რომლის შესახებაც ექსპერტმა ისაუბრა, ადვოკატების და სხვა ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არის დაწერილი.

„დევიდ სმიტის ჩვენებამ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავა. მას დასკვნაში მოცემული აქვს, რომ თითქოს, სააკაშვილი მოწამლულია. როცა კონკრეტულ კითხვებზე მივედით, აღმოჩნდა, რომ დასაშვებ ზღვრის ფარგლებში იყო როგორც დარიშხანი, ასევე ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. ასევე, მან არ მიუთითა MRI-ის დასკვნაზე, თითქოს რაღაც ისეთი გამოვლინდა, რომ თავის ტვინში ცვლილებები გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ MRI-ის დასკვნაში ეს არ არის, მერე თქვა, მე არ მინახავს ეს დასკვნა, მაგრამ ნევროპათოლოგის დასკვნას დავეყრდენიო. მან რა დასკვნებიც გააკეთა, აღმოჩნდა, რომ ან ადვოკატის გადმოცემითაა, ან სხვა ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა. ვფიქრობ, ამ დაკითხვით, მისი დისკრედიტაცია მოხდა. თვითონვე აღიარა, რომ დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ხოლო ვერცხლისწყალი ნორმის ფარგლებში იყო. დასკვნაში რატომ ეწერა, რომ სააკაშვილი მოწამლეს, ჩვენც ამას ვეკითხებოდით, მაგრამ ზოგადი პასუხი იყო ასეთი, მე რაც ადვოკატებმა, ექსპერტებმა მომაწოდეს, იქიდან ამოვედიო. მე ექსპერტის კეთილსინდისიერებაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არასწორი ინფორმაცია და მონაცემები მიაწოდეს, აქედან გამომდინარე გამოიტანა ის დასკვნა, რაც დადებულია. ყველამ დაინახა, რომ მან სანდოობის ტესტი ვერ გაიარა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები