ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმს აღკვეთ ღონისძიებად 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო, მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვიოლეტა ინასარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებას არ დაეთანხმა.

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით კი, ვაქცინაციიდან 20 წუთში ბაქრაძის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ის კომაში ჩავარდა. მანამდე კი, ბაქრაძეს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე – ჭინჭრის ციება ჰქონდა, რაც ანაფილაქსიური შოკის საწყისი ეტაპი იყო. პროკურორის თქმით, ბაქრაძეს დროული მკურნალობა არ ჩასტარებია.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები