ნინო ვარდოსანიძე : კახა კალაძის მერობის დროს, თბილისი ბევრად უფრო მოწესრიგებული, ლამაზი და მწვანე ქალაქი გახდა
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში 2022 წლის საინტერესო ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გასულ წელს გაწეული სამუშაოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
“ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ თქვენი მერობის დროს თბილისი ბევრად უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული გახდა, ვიდრე ის, თუნდა, 5 წლის წინ იყო. უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა და ეს არ ეხება მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებს’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. საკრებულოს წევრმა ასევე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმა გაგრძელდეს. ,,საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა, რაც გულისხმობს როგორც ტრანსპორტის მდგომარეობას და სწრაფ მარშუტებს, ისე გადახდის მოქნილ სისტემას, თუმცა, ვთანმხდებით, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები კიდევ გვაქვს’’,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება საბოლოოდ სატრანსპორტო რეფორმის დადებით მხარეებს წარმოაჩენს.
საკრებულოს წევრმა მწვანე ქალაქის კონცეფციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ მოხდა ,,მზიურის’’ პარკის ტერიტორიის ნაწილის გამოსყიდვა, სადაც კიდევ ერთი გამწვანებული სივრცე მოეწყობა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ნინო ვარდოსანიძე ისეთ საკითხებსაც შეეხო, როგორიცაა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე რიგ უბნებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სხვა. დასასრულს, საკრებულოს წევრმა კახა კალაძეს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან წამოსული ბრალდებები მის რეიტინგს და გაკეთებულ საქმეებს ვერაფერს დააკლებს.