ნაძალადევის რაიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კარნავალი გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, ასევე, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო.
დღის მეორე ნახევარში ჯგუფ ,,მიქსტურას” კონცერტი გაიმართა, საღამო კი DJ-მ დაასრულა. კარნავალი მოცეკვავე გოგონებმა გააფორმეს. სტუმრებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო.
„კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც პატარებისთვის, ასევე, უფროსებისთვის, სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. კიდევ ერთ საახალწლო კონცერტს ჩავატარებთ ზღვისუბანში. ამ ფორმით ვეცადეთ მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა და გაგველამაზებინა წინასადღესასწაულო პერიოდი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ 2023 წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გარდა, საახალწლო კონცერტი ზღვისუბანშიც ჩატარდა, სადაც საკონცერტო ნომრები მომღერალმა, გიორგი ცხადაძემ ბენდთან ერთად შეასრულა. აღნიშნული ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები