გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა – „ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახო სანაიას ვაპატიებ“

მიუხედავად იმისა, რომ საქმემ სამი ხელისუფლება გამოიარა, 13 წელი გავიდა და მკვლელობაში მსჯავრდებულმაც უკვე მოიხადა სასჯელი, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი დღესაც სამართალს ეძებს. გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა. სერგო ძაგნიძემ ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ „პრაიმ ტაიმს“ მისცა. გამომძებელი მიიჩნევს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის განაჩენი სამართლიანია და პოლიტიკურ მოტივებს ადგილი არ ჰქონია. როგორც ძაგნიძე ინტერვიუში აცხადებს, ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახო სანაიას არ აპატიებს.
– როგორც კი ეს ამბავი მოხდა, იმ მომენტიდანვე ჩავერთე საქმეში, შემთხვევის ადგილზეც პირველი გავედი. მაშინ მე გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი.
– ამდენი წლის შემდეგ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდა შემთხვევის ადგილი?
– ეს იყო ერთოთახიანი სტანდარტული ტიპის ბინა. იმ ერთ ოთახში ესვენა გარდაცვლილის გვამი, თავში გამჭოლი ჭრილობით. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე მერე მოვიდნენ.
– იმ დროს გავრცელდა კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც კახა თარგამაძე იცინოდა. რა ხდებოდა მაშინ?
– მაშინ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას უკვე მორჩენილები ვიყავით და ვფიქრობდით, ცხედარი როგორ გაგვეყვანა ისე, რომ იქ შეკრებილი მასისთვის აგვერიდებინა. რაც შეეხება კითხვაზე პასუხს, რამ გააცინა თარგამაძე, გეტყვით, რომ როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს ჭირისუფლისთვის ტრაგედიაა, თორემ ჩვენთვის ეს არის სამუშაო პროცესი. დაცინვა და რაიმე მსგავსი იქ არ ყოფილა. უბრალოდ, რაღაც ითქვა და გაგვეცინა. ძალიან ხშირია, როცა სტრესულ, თუნდაც ტრაგიკულ სიტუაციაში ჭირისუფალსაც კი ეცინება ხოლმე. ასე რომ, იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
– კარგი, მოდი ისევ შემთხვევის ადგილს დავუბრუნდეთ. რამე საეჭვო არ შეგიმჩნევიათ?
– შემთხვევის ადგილის დათვალიერება აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. ტყვიის გულა კედლიდან ამოვიღეთ. სავარაუდოდ, თავში გავლილი ტყვია ჩარჩენილი იყო კედელში. მასრა ვერ მოიძებნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გრიგოლ ხურცილავას წაუღია. იარაღიდან გასროლის შემდეგ მასრა მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს გვერდით ვარდება. მოხვდა კედელს და თვითონ ხურცილავა ამბობს, რომ როცა გავისროლე, ფეხებთან დამივარდაო. ეგრეც უნდა ყოფილიყო, პრინციპში. ავიღე ის მასრა და ტყვიის გამოღებაზე არც მიფიქრია, ისე ვიყავი დაბნეულიო. ერთი სიტყვით, ტყვიის გულას გარდა, ლუდის ბოთლიდან ამოვიდა თითის კვლები. ეს იყო ორი მტკიცებულება, რომლითაც შემეძლო დამნაშავესთან მისვლა. ამ საგამოძიებო ჯგუფში ჩემ გარდა იყო კიდევ სხვა გამომძიებელი. მე მიმყავდა საგამოძიებოს ეს ნაწილი, ანუ ექსპერტიზის ნაწილი. ახლა გეტყვით პირდაპირ: ის, რაც გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაში მოხდა, ეგეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოს კრიმინალისტიკაში.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– იმის გამო, რომ ტყვია არ გამოცვლილიყო, ის მაიკროსილით დავამუშავე. ეს არის ამერიკული სითხე, ჩვეულებრივ თხევადი რეზინი. ერთი სიტყვით, თავი დავიზღვიე.
– ვის შეეძლო ტყვიის გამოცვლა?
– ასეთი ფაქტები მომხდარა. ამ შემთხვევაშიც ხომ შეიძლებოდა ეს მტკიცებულება რომელიმე სხვა უწყებას წაეღო და… მაიკროსოლი არის არაჟნის მსგავსი მასა. მალე ცივდება და ხდება რეზინი. ანუ რაც კი კვალი აქვს ტყვიას, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება, სწორედ ეს ინახება.
– ანუ, თუ, ვთქვათ, შსს წაიღებდა მას, დაბრუნების შემდეგ თქვენ შედარების საშუალება გეძლეოდათ…
– დიახ, სწორედ ასეა. ასეთი პრევენცია მაშინ პირველად გამოვიყენეთ და სწორედ ამ საქმეში. შეცვლის შემთხვევაში გამოძიება აუცილებლად გაიგებდა ამ თაღლითობის შესახებ. რაც შეეხება ბოთლიდან აღებულ თითის კვალს, ბევრმა არ იცის, რომ მისი ამოღება რამდენჯერმე შეიძლება. პირველად რომ ამოვიღეთ და თანამედროვე საშუალებებით დავამუშავეთ, ის ექსპერტიზაზე გაიგზავნა, დანარჩენი კვალი კი დაილუქა და „სკოჩი“ გადაეკრა. ის კიდევ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას. შსს-ს ექსპერტიზამ გვითხრა, ეს მასალა ვარგისი არ არისო, არადა რამდენიმე თვის შემდეგ „ეფბიაის“ ლაბორატორიაში გაგზავნილი მასალით კონკრეტული პასუხი მივიღეთ.
– რამდენადაც ვიცი, „ეფბიაიში“ პირადად თქვენ წაიღეთ ყველა მასალა…
– დიახ. თავიდან გვითხრეს, ვარგისიაო, მაგრამ არ გვქონდა ის თითის ანაბეჭდები, რისთვისაც უნდა შეგვედარებინა წაღებული მასალა. როდესაც ხურცილავა დაიჭირეს და მისი თითის ანაბეჭდები აიღეს, თუ არ ვცდები, რვა ანაბეჭდი დაემთხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდა. შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია. აი, ამ ორი მტკიცებულებით – ტყვიითა და თითის ანაბეჭდებით გრიცკოს დავუდე ყველაფერი ის, რაც საქმეში უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა დაკითხვა და ამ მტკიცებულებების გამაგრება.
– თუმცა, ამის გარდა, ჩატარდა კიდევ მრავალი სხვა ექსპერტიზაც, არა?
– ბოტანიკური ექსპერტიზაც კი ჩავატარეთ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიადაგი და ბალახიც კი ავიღეთ. ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ.
– ძალიან შინაურულად, მეტსახელით მოიხსენიებთ გრიგოლ ხურცილავას. მანამდე მას იცნობდით? ის ხომ შსს-ს თანამშრომელი იყო…
– ამ სახელით იცნობდა მას ყველა. გაზეთებშიც ასე იწერებოდა… გრიცკო ვნახე ერთადერთხელ, ისიც ციხეში ორ ადვოკატთან და სხვა გამომძიებელთან ერთად. მინდოდა, ჩემი ხედვები გადამემოწმებინა მის ჩვენებასთან. სულ რამდენიმე საათით ვნახე. კრიმინალისტიკური კუთხით დავუსვი კითხვები და ის პასუხები მივიღე, რასაც ვვარაუდობდი, რომ სწორედ ასე იქნებოდა…
– ტყვიის მოძრაობის ტრაექტორიაზე გქონდათ ეჭვები?
– ეჭვი არა, კითხვები მქონდა. პასუხით ყველაფერი დაემთხვა. გრიცკომ გვიამბო, როცა ხელში იარაღი ავიღე, გიორგი სანაიამ თავი გვერდზე გაწია, – გაწიე იქით, არ გაგივარდესო. ზუსტად მაგ დროს გავისროლეო.
– ანუ თავში არ მინდოდა სროლაო?
– უნდოდა თუ არა, ეგ სულ სხვა თემაა. ფაქტი იყო, რომ თავში ტყვიამ სწორედ ისე გაიარა, როგორც უნდა გაევლო, თუ ის ყველაფერი ისე იყო, როგორც ხურცილავა ყვებოდა.
– ამბობთ, რომ გრიცკოს საქმე თითების ანაბეჭდითა და ტყვიით გაიხსნა. ეს როგორ მოხდებოდა, თუ მისგან თითის ანაბეჭდები დაჭერის შემდეგ აიღეთ?
– გრიცკო დავიჭირეთ ბალისტიკური ექსპერტიზით. ძალიან რთულია, ტყვია ტყვიას შეადარო, როცა არ გაქვს ელექტრონული ბაზა. წარმოგიდგენიათ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბალისტიკოსს იარაღის აღმოსაჩენად? მაგრამ ეს მაინც მოხერხდა: ექსპერტი ტყვიით მივიდა იარაღამდე და იარაღით პიროვნებამდე…
– ხო, მახსოვს, ესეც განხილვის თემა იყო მაშინ, რომ მკვლელობა ტაბელური იარაღით მოხდა, თანაც ისე, რომ ხურცილავა უკვე წამოსული იყო მაშინ ორგანოებიდან…
– ეს იყო ის ტაბელური იარაღი, რომელიც იყო გრიცკოზე მიმაგრებული, როცა ის სადღაც დაცვაში მუშაობდა. ეს იარაღი იყო მასროთეკაში, რაც მთავარია და მასროთეკიდან მიადგნენ ამ იარაღს. აქედან კი გავიდნენ ხურცილავაზე. პიროვნებამდე რომ მივიდნენ, მერე გაიგზავნა თითის ანაბეჭდები ამერიკაში და მოხდა იდენტიფიცირება… ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხალხი დავაკვალიანოთ: ვახოც კიდევ რომ იმეორებს, პოლიტიკური მკვლელობა იყოო, მოდით, დავიდოთ ეს საქმე, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი სპეციალისტები, საქმე არქივში იქნება, ეს კაციც გასამართლებულია უკვე… ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით „მიყვარს“. მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა. მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ამ საქმეში ჩადებული. დავანებოთ იმ სტრესებს თავი, რაც მაქვს გადატანილი საზოგადოებისგან ცალკე და უწყებიდან ცალკე. რევოლუცია მოხდა კინაღამ ამ საქმის გამო. ერთი რამე ავიწყდება ამ ხალხს: მკვლელობა ერთადერთი დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მოტივი შეიძლება არ ჰქონდეს. 108-ე მუხლში იცი, რა წერია? – სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობა. ერთი წინადადებაა სულ. მოტივი არსად წერია… ახლა პოლიტიკურ ნაწილსაც შევეხოთ: მოხდა ისე, რომ 2002 წლის თებერვალში მე ვინიშნები უშიშროების სამინისტროს ანიტერორისტული ცენტრის უფროსად. გახსოვთ, ალბათ, გიორგის მკვლელობის მერე პანკისზე იყო საუბარი, რომ თითქოს მას რაღაც კასეტა ჰქონდა. ყველანაირი ოპერატიული ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, ჩემს ხელში იყო. პანკისი ჩემს ხელში გაიწმინდა. არაფერი მსგავსი არ შემხვედრია.
– რომ გქონოდათ ასეთი ინფორმაცია, თუ არ იქნებოდა მაშინდელი ხელისუფლებისპოლიტიკური ნება, თქვენი ინიციატივით მას გააჟღერებდით?
– ამ ვერსიას რეალობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. როცა ელენე თევდორაძეს ვკითხე, რა კასეტაზე ლაპარაკობ-მეთქი, მითხრა, რაღაც გამიგია ამის შესახებო. ელენესთვის რამე კასეტა რომ მიეცათ, როგორ ფიქრობთ, მისი შინაარსი არ ეცოდინებოდა?.. და ბოლოს და ბოლოს, თუ ეს კაცი, გრიგოლ ხურცილავა გარეთ არის, დაუძახონ და ჰკითხონ. უკვე მოხდილი აქვს სასჯელი და მაგას იგივე დანაშაულზე უკან არავინ შეატრიალებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ იქ არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა.
– პანკისის თემა ერთადერთი არ ყოფილა, რაც საზოგადოებას ამ მკვლელობისთვის პოლიტიკურის დარქმევის საფუძველს აძლევდა. ცხედარს რამე სხვა დაზიანება არ ჰქონია? გახსოვთ, ალბათ, საუბრობდნენ, რომ რამდენიმე დღით ადრე ის ჟვანიას დაცვამ სცემა…
– არაფერი არ ყოფილა. მოდი, ამოვიღოთ ეგ საქმე და გამოვიძიოთ თავიდან. ეს ხალხიც გადავრიეთ. საქმის გარშემო ეჭვი უჩნდებათ. დამიჯდეს, დავიდოთ საქმე თავისი ფაქტებით და გარემოებებით, გავიაროთ ერთად, მოიყვანონ, ვინც უნდათ და ერთ რამეში, თუ იქნება გაუგებრობა, ან ეჭვი, მე მაშინ ვიტყვი, რომ პროფესია არ მქონია.
– თქვენ მარტო კრიმინალისტიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდით, თუ სხვა პროცესებშიც მონაწილეობდით?
– შექმნილი იყო საგამოძიებო ჯგუფი. მე ამ ჯგუფში ვიყავი.
– თუ არ ვცდები, თქვენ წაიღეთ ამერიკაში გიორგის ლოგინიც…
– დიახ… საქმე რეზონანსული იყო და პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა, რომ საქმეში „ეფბიაიც“ ჩართულიყო. ასეთ შემთხვევაში, გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც იწყება გამოძიება, საქმეს ნომერი ეძლევა და ყველა კვლევა უფასოდ ხდება. მაგრამ ერთი მინუსია: ჩვენს კანონმდებლობასთან ვერ მოდიან და მასალები იქ ვინმემ უნდა ჩაიტანოს. ამის გამოცდილება მე უკვე მქონდა რუსთაველის მანიაკისა და 1998 წლის ტერაქტის საქმეებზე. თანაც „ეფბიაის“ აკადემია მაქვს დამთავრებული და ამიტომ შეჩერდა არჩევანი ჩემზე.
– ამ საქმეში იყო ერთი ძალიან საინტერესო და საეჭვო დეტალი: გასაღები, რომელიც ხურცილავამ გიორგის სახლიდან წაიღო, მერე სადღაც ბუჩქებში გადააგდო და ეს გასაღები 5 თვის შემდეგ ახალივით სუფთა და პრიალა აღმოჩნდა…
– ეს იყო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული გასაღები. მე თვითონ ვნახე. ის, რომ კამერას მიანათებ და გაიბრწყინებს, არ ნიშნავს იმას, რომ ის იმ კონკრეტულ ადგილზე მიტანილი და დადებულია…
– და თქვენში იმასაც არ გამოუწვევია ეჭვი, რომ მას არც წვიმის და არც ტალახის ნაკვალევი არ ეტყობოდა?
– 5 თვე რომ ეგდოს ეს გასაღები გარეთ, არაფერი მოუვა. ეს არის უჟანგავი ფოლადი, ქრონირებული. მეტი თუ არაფერია გამოსაკიდებელი, იმაზე გამცეს ვინმემ პასუხი, რაზეც ვლაპარაკობ: მტკიცებულებები ამოღებულია და ყველანაირად დაცულია ფალსიფირებისგან, დაზიანებისგან. 5 თვის მერე ჩნდება პიროვნება, იარაღით მივდივართ ამ პიროვნებასთან. 5 თვის მერე ჯდება თითები… იკითხება ეს ადამიანი და ყვება ყველაფერს. ყველაფერი ემთხვევა იმას, რაც საქმეში დევს ამდენი ხნის განმავლობაში. რატომ ჩნდება კიდევ კითხვები? იმ კაცს ერთხელაც არ უთქვამს, არ მომიკლავსო… ამერიკელები კი მაშინ დარწმუნდნენ, რომ ქართველებს საქმის გამოძიება შეგვძლებია.
– რაკი ამბობთ, რომ იყავით საგამოძიებო ჯგუფის წევრი, რომელიც მხოლოდ ექსპერტიზებით არ შემოიფარგლებოდით, იმ პურის გამყიდველი ქალის შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელმაც სანაიების სახლის ფანჯრებში შუქი შენიშნა მაშინ, როდესაც იმ სახლში არავინ უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, ადამიანების სილუეტებიც დაინახა…
– ნამდვილად არ მახსოვს ეს კონკრეტული ეპიზოდი. ძალიან ბევრი ასეთი დეტალი იყო და ყველა გადამოწმდა.
–ანუ იმ კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობის შედეგად, რაც თქვენ გებარათ, ასი პროცენტით შეგიძლიათ თქვათ, რომ გრიცკომ მოკლა გიორგი, თუმცა…
– მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ ვახო სანაიასთან, გიორგის შვილთან და მთელ საზოგადოებასთან. ვახომ კი მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე, რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე. მე მასწავლებელიც ვარ, 30 წელია ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პიროვნული თავმოყვარეობისა და პიროვნული ეთიკის საკითხიც არის, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი… ის რომ არ გაკეთებულიყო, რაც მაშინ გაკეთდა, დღეს ეს საქმე კიდევ გაუხსნელი იქნებოდა.
– თავს დებთ იმაზე, რომ ხურცილავამ მოკლა გიორგი, მაგრამ შეგიძლიათ, დარწმუნებით განაცხადოთ, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკური დაკვეთა?
–ამ საქმეს უკვე მესამე ხელისუფლება ჰყავს. რომელიმემ მას მისცა პოლიტიკური შეფერილობა? რომელიმე ხელისუფლებამ თქვა, სანაია პოლიტიკური მოტივით მოკლესო?
–საქმეც სწორედ ეს არის და ოჯახიც სწორედ ამაზე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა, ხელახლა შეესწავლა ეს საქმე.
– გამოძიება ჭორაობა არ არის, ჩემო კარგო. გამოძიება აგებულია ფაქტებზე და არა ჰიპოთეზებზე…
– ანუ გამოძიება ფაქტების დადასტურებამდე ხომ მუშაობდა ამ ჰიპოთეზებზე? გამოდის, რომ ყველა სხვა ვერსია გამორიცხა გამოძიებამ, გარდა იმისა, რაც საბოლოოდ სასამართლომ განაჩენით დაადასტურა?
– თქვენ თვითონ ამბობთ, სასამართლომ დაადასტურაო. დამთავრებულია უკვე ყველაფერი.
– გამოძიების პროცესში სხვა ვერსიები მუშავდებოდა?
– აბსოლუტურად ყველა ვერსიაზე ვმუშაობდით… პოლიტიკური შეკვეთის დადასტურებას ფაქტები უნდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, გამომძიებელი ხართ, მიდიხართ შემთხვევის ადგილზე, სადაც გვამია. რა ვერსიები გაქვთ? – მკვლელობა, თვითმკვლელობა, უბედური შემთხვევა და ბუნებრივი სიკვდილი. ანუ თავიდანვე არის ოთხი ზოგადი ვერსია. გამოძიების პროცესში გამოირიცხება დანარჩენი სამი და რჩება ერთი. ვთქვათ, რჩება მკვლელობა. მერე იწყება მუშაობა მოტივზე. მაგრამ მოტივზე რომ დაიწყო ფიქრი, დაიკარგები. იგივე სანაიას საქმეზე, მოტივზე რომ მეფიქრა, რამდენი ვერსია მექნებოდა, აბა, მითხარით…
– ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა…
– მაგრამ ამ ვერსიებს საფუძვლად ხომ ფაქტები უნდა დაუდო და არა შერლოკ ჰოლმსის წაკითხვით მიღებული ფანტაზიები?
– შეგეძლოთ, გეხელმძღვანელათ პრესაში გამოქვეყნებული ვერსიებით. არც ერთმა არ დაგაყენათ რამე მნიშვნელოვან კვალზე? შეისწავლეთ?
– მოდით, აღარ წავიდეთ შორს – გამოქვეყნდა ელენე თევდორაძის ვერსია კასეტასთან დაკავშირებით და ელენეს ნათქვამზე შეადგინე ვერსია. მიდიხარ და ეკითხები. ის კი გპასუხობს, – რა ვიცი, რაღაც გავიგე, სერგუნიკაო. ამაზე უნდა ავაგო გამოძიება? ამ თანმიმდევრობით სანაიას საქმეზე ათასი ვერსია უნდა შეგვემოწმებინა? თქვენც ხომ გახსოვთ, უამრავ რამეს იგონებდნენ მაშინ. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ყველაფერს წერდა და ამბობდა.
– მაგრამ, კასეტის გარდა, კიდევ უამრავი ვერსია იყო ისეთი, რომლის შესწავლა, ალბათ, ღირდა – ის, რომ გიორგის გარდაცვალებამდე აჭარაში ჰქონდა შეხვედრები, ან ის, რომ რამდენიმე დღით ადრე ის ჟვანიას დაცვის წევრებმა სცემეს და კიდევ სხვა მრავალი ასეთი… ეს ყველაფერი გადამოწმდა?
– აუცილებლად გადამოწმდებოდა, ჩემო კარგო, აღარ მახსოვს დეტალები. ცამეტი წელია გასული, ხო? არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომელიც გამოვიდა პროცესზე და თქვა ყველაფერი, რა მოხდა.
– მაგრამ ხშირად გაგვიგია, რომ კონკრეტული ადამიანი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულს კონკრეტული მიზეზების გამო…
– თუ ვინმეს აინტერესებს ამ საქმის გახსნის დეტალები, დადგა დრო ამოვიღოთ არქივი და ვნახოთ, პასუხი გავცეთ ყველა არსებულ კითხვას…
– მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ არსებობს ეჭვი შეკვეთილ მკვლელობაზე. ასე რომ ყოფილიყო, ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს დანაშაულს რომელიმე ეტაპზე იტყვის, რომ შეკვეთა შეასრულა?
– ფაქტია, რომ არ გამოჩნდა შეკვეთილი მკვლელობა. ეს არც გრიცკოს ფინანსებს დაეტყო და არც მის ოჯახს… მეორე საკითხი კი ის არის, მე რა ვქნა, თუ არაფერი სხვა არ ჩანს რეალური. ჭორებს ავყვე? ჩემთვის იმ პიროვნებასთან ლაპარაკი, ვისაც ჰგონია, რომ წინასწარ დაგეგმილი,შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობების დროს მკვლელი შემთხვევის ადგილზე ტოვებს მის საიდენტიფიკაციო კვლებს, იარაღის ტყვიას, რომელიც რეგისტრირებული იარაღიდანაა გასროლილი და ამ იარაღს კიდევ ინახავს, ძნელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები