“როცა ადამიანები ისეთ ნივთებს ყიდულობენ, რომლებიც პოლიციასთან აუცილებლად შეჯახების ორგანიზებისთვის უნდა დასჭირდეთ, ეს მიუთითებს, რომ ჩართულნი არიან შეჯახების ორგანიზების პროცესში” – ვოლსკი
“ადამიანები როცა ისეთ ნივთებს ყიდულობენ, რომლებიც პოლიციასთან აუცილებლად შეჯახების ორგანიზებისთვის უნდა დასჭირდეთ, ეს მიუთითებს, რომ ჩართული არიან შეჯახების ორგანიზების პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
„ამ ყველაფერს არათუ ორგანიზებას უკეთებდნენ, არამედ თავის დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდნენ და საკუთარი წესდებით განსაზღვრული ნორმებიდან გასული იყვნენ. ეს ის ფაქტია, რაზედაც თავად ლაპარაკობდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ. რადიკალურ აქციებს აორგანიზებდნენ. ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული გეგმა და სქემა, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. ეს პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ გაჩერებულა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვით არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მცდელობა იყო, ძალადობრივი გზით ხელისუფლება შეცვლილიყო და ის გეგმა განხორციელებულიყო, რაც ითვალისწინებდა საქართველოს ცეცხლის პროცესში ჩართვას. ახლა დადასტურდა, რომ ამ პროცესებს დიდი ფინანსებით უჭერდნენ მხარს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.