ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ ხელმძღვანელობა 5-წლიან მუშაობას შეაჯამებს
23 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი – ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ 5-წლიანი მუშაობა შეჯამდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ანგარიშს წარადგენს „სპარკის“ გენერალური მენეჯერი თამთა გველესიანი, ღონისძიებას ესწრება და სიტყვით გამოვა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია.
ბიზნეს აქსელერატორის შექმნაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა. პროექტი ბიზნესის განვითარების სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ ან უკვე მოქმედ, მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს.
„სპარკი“ არის ჰაბი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები, თუმცა, არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც შეიძლება გარდაიქმნას ბიზნეს იდეა ბიზნეს გეგმად და მზად იყოს განსახორციელებლად.
„სპარკის“ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები და სჭირდებათ როგორც სამუშაო სივრცეები, ისე პროფესიონალთა დახმარებაც.