ჩუღურეთის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, 56 მისამართზე, 39 897 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამურად, 17 048 899 ლარი დახარჯა. ამასთან, პრეზენტაციაზე ზურაბ ბაქანიძემ მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე – კახა გულედანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი – რიმა ბერაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.