იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს და მისი ყველა უფლება დაცულია.
მინისტრის თქმით, როგორ შეიძლება პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტი ვინმეს დაუმალოს, როცა მასთან უკვე 1 500 ვიზიტორია ნამყოფი.
„მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან დაწყებული, ეს ადამიანი იღებს ყველა იმ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არის გათვალისწინებული და მისი ყველა უფლება არის დაცული. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოსდა საზოგადოებას ვუმალავდით, მაგრამ აქ პასუხია მარტივი – როგორ შეიძლება ვინმეს იგი დაუმალო, როცა მასთან 1 500 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი.“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.