დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტიც დაესწრება
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს.
სხდომაზე იგეგმება მოწმეების დაკითხვა.
პროცესის პარალელურად, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას გამართავენ.
დაცვის მხარემ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დააყენა.