„ჰელიკოიდი“ ვენესუელაში – მდიდრული სავაჭრო ცენტრი, რომელიც საშინელ ციხედ კადაკეთდა
ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო დიდი სპირალური ნაგებობა „ჰელიკოიდი“. ის, როგორც ციტადელი, ამაღლებული – პატარა შენობების თავზე და ახშობს მათ თავისი ზომებითა და სიმახინჯით. თავისი ბეტონის რგოლებით, ის შიშს ჰგვრის ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს, მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა. „ჰელიკოიდი“ შენდებოდა, როგორც ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ვენესუელაში – კეთილდღეობის და სტაბილურობის სიმბოლო. ძალიან სიმბოლურია, რომ ახლა ის ყველაზე საშინელი ციხეა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ, ალბათ, მთელ სამხრეთ ამერიკაში.
სავაჭრო ცენტრს 1950 წელს აგებდნენ, როდესაც ვენესუელას დიდი პერსპექტივები ჰქონდა. ქვეყანაში აღმოაჩინეს ნავთობის საბადო და ინვესტიციების ჩადება მასობრივად დაიწყო. დიქტატორ მარკოს პერეს ხიმენესს სურდა, თავისი ქვეყნისთვის პროგრესული, მიმზიდველი იმიჯი შეექმნა, რომლის აყვავებაც გარდაუვალი იყო. 1948 წელს ქვეყანა სამხედრო დიქტატურის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც ხელმძღვანელობდა ლოზუნგით – „ჩვენ მივაღწევთ პროგრესს, თუ გავაგრძელებთ მშენებლობას“. ისინი მართლაც აშენებდნენ. „ჰელიკოიდი“ უნდა გამხდარიყო არა მხოლოდ კონტინენტის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, არამედ მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც „შოპინგი“ მანქანიდან გადაუსვლელად იყო შესაძლებელი. კოლოსალური ზომის შენობაში გეგმავდნენ 300 მაღაზიის, ბარის, რესტორნის, კონოთეატრის, საბავშვო სათამაშო ოთახის და ბევრი სხვა რამის განთავსებას. მშენებლობისთვის ადგილი ისე აარჩიეს, რომ სპირალი კარაკასის ნებისმიერი წერტილი გამოჩენილიყო. მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიდიოდა, მაგრამ მას მორიგმა სამხედრო გადატრიალებამ შეუშალა ხელი – 1958 წელს მარკოს პერეს ხიმენესი თანამდებობიდან ჩამოაგდეს, ხოლო ქვეყნის ახალი მმართველისთვის ამბიციური პროექტები საინტერესო არ იყო.
რეჟიმის შეცვლის შემდეგ შენობა ცარიელი იყო, ნოტიო ტროპიკულ კლიმატში ის თანდათან ფუჭდებოდა. მრავალი იდეა გაჩნდა მის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა მათგანი კოლოსარულ ფინანსურ წყაროებს მოითხოვდა. მისი დემონტაჟი კიდევ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე „ჭკუაზე“ მოყვანა, ამიტომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგებოდა.
შენობის გამოყენება მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ დაიწყეს. 80-იან წლებში ვენესუელის ხელისუფლებამ „ჰელიკოიდში“ რამდენიმე სახელმწიფო სამსახურის გადაყვანა გადაწყვიტა. შიდა ფართის მხოლოდ პატარა ნაწილი ერგო ნაციონალურ სადაზვერვო სამსახურს – „სებინი“. შეიძლება გეფიქრათ, რომ შენობა მოსაწყენი ოფისებით აღჭურვეს, მაგრამ ეს ასე არ იყო. შეუმდგარი სავაჭრო ცენტრი პოლიტიკური და სისხლის სამართლის პატიმრებით გაივსო. ყველაფერი, რაც იმ შენობის კედლებში ხდებოდა, უაღრესად გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ცალკეული ჭორები, რომლებიც გარეთ გამოდიოდა, მოსახლეობას ძარღვებში სისხლს უყინავდა.
„ჰელიკოიდში“ ყველაზე სასტიკი წამების პრაქტიკას ჰქონდათ შემუშავებული, რომლის მოფიქრებაც ყველაზე სასტიკი ადამიანის გონებას შეეძლო. პატიმრები დაწესებულებას ძალიან იშვიათად ტოვებდნენ, მაგრამ თუკი ასეთი რამ ხდებოდა, ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ ამ სპირალური შენობიდან. ყოფილ პატიმრებს არასდროს სურდათ იმის მოყოლა, თუ რა ხდებოდა ციხეში და ყოველთვის მალავდნენ თავიანთ სახელებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას.
ზოგიერთ მათგან BBC-ის კორესპონდენტი გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ციხეში ყოველთვის ბევრი პატიმარი იყო, მაგრამ ნამდვილი პიკი 2014 წელს დაფიქსირდა. მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანა შეძრა და რამდენიმე თვეში „სებინის“ საპატიმროში, დაახლოებით, 3 ათასი მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებულები ავტობუსებით მიჰყავდათ. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები, აქტივისტები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.
პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური თავს არ იკავებდა და ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ნებისმიერ მოქალაქეს აკავებდა.
ციხის ერთ-ერთი ყოფილი ბადრაგი იხსენებს:
„ამ მრავალრიცხოვან დაკავებებს ხალხი უნდა შეეშინებინა. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე მათ ეს მოახერხეს, ვინაიდან დღეს თუკი დემონსტრაცია ან მარში იქნება, ბევრს შეეშინდება მათში მონაწილეობის მიღება“.
სამართალი ვენესუელაში ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, ამიტომ დაკავებულები თვეობით ელოდნენ თავიანთ ტრიბუნალს, ყოველგვარი ბრალეულობის წაყენების გარეშე.
2018 წელს „ჰელიკოიდში“ აჯანყება მოხდა, რომლის შემდეგაც პატიმრების ნაწილი, რომელთა ბრალეულობა დამტკიცებული არ იყო, სახლში გაუშვეს, ხოლო დანარჩენებს პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ. თუმცა, ეს ზომები მხოლოდ თვალებზე ხელის აფარება გახლდათ, რომელიც აჯანყების ჩასახშობად გამოიყენეს – გათავისუფლებულები მალე თავიანთ ყაზარმებში დაბრუნდნენ, ხოლო არაადამიანური მოპყრობა კვლავაც შენარჩუნდა. ჟურნალისტების, ადამიანის უფლებადამცველების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყველა მიმართვას, რაც ციხეს ეხებოდა, ვენესუელის მთავრობა დუმილით ხვდებოდა.