ზელენსკი: არ ვფიქრობ, რომ ორბანს რამე უნდა შევთავაზო, თავად ორბანმა უნდა შესთავაზოს უკრაინას რაღაც, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რაიმე შესთავაზოს იმის სანაცვლოდ, რომ ბუდაპეშტმა კიევის ევროინტეგრაცია არ დაბლოკოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პირიქით, უნგრეთმა რაღაც უნდა შესთავაზოს უკრაინას, რადგან კიევი მთელ ევროპას რუსული აგრესიისგან იცავს.
თავდაპირველად, ზელენსკის ჰკითხეს, თუ რა უნდა შესთავაზოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რათა შეაჩეროს უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის დაბლოკვა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი ღირებულებები. ამავდროულად, ზელენსკი უნგრელ ხალხს მეგობრად მიიჩნევს და ამბობს, რომ უნგრელები უკრაინელებს უჭერენ მხარს.
მისი თქმით, ლიდერებს არ აქვთ უფლება, მხოლოდ საკუთარ თავზე და არჩევნებზე იფიქრონ და მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგონ კეთილმეზობლური ურთიერთობები.
„მე არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო. ვფიქრობ, ვიქტორ ორბანმა რაღაც უნდა შესთავაზოს უკრაინას, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს. და ახლაც კი, ამ ომის დროს, ჩვენ მისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია, არანაირი მხარდაჭერა ჩვენი ცხოვრებისეული ხედვისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.