მამუკა არეშიძე: შეიძლება ითქვას, მორალურ დონეზე რუსეთის დეცენტრალიზაცია დაწყებულია

“უკრაინაში არსებულ ვითარებაზე პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია მოხდა. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხოფერია დაგვეღუპა, მერე 5 ქართველი დაეცა ბახმუტთან, ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მე მესმის ამ ბიჭების, თუ რატომ მიდიან და იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის”,- ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არეშიძე ინტერვიუში ამბობს, რუსეთში ბევრი პრობლემაა – მაგალითად, ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმდება, განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ცენტრსა და ავტონომიურ-რეგიონულ წარმონაქმნებს შორის დისტანცირება ხდება.

“ბოლო დროს საქართველოს მთავრობა მიზეზთა გამო მართლაც ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისას იფრთხილოს. ეს არ შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, თუმცა მავანი ამის დისკრედიტაციასაც ცდილობს. ისევ ნატოს თემას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არაერთი მხარე იბრძვის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ვითარება ბოლო დროს ამ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვხედავთ, რაოდენ მზარდია თურქეთის გავლენა, რაც რეგიონის ზოგ ქვეყანაში უფრო მეტად თვალში საცემია, ზოგან კი ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ის საკუთარ თამაშს თამაშობს, თანაც არა მარტო სამხრეთ კავკასიაში. დღეს მსოფლიო წესრიგი თითქმის მოშლილია, რუსეთმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა არა მარტო იმით, რომ უკრაინაში შეიჭრა, არამედ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც ცდილობდა რეგიონზე გავლენის მეტად გაზრდას, შედეგად კი მნიშვნელოვნად ამოვარდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან. გავლენის გაძლიერებას ცდილობს ნატოც, რომელიც, ერთი მხრივ, მოწადინებულია, რომ რუსეთი შეაკავოს, იმავდროულად კი სურს თურქეთის ამბიციების მოთოკვაც. საქართველო კავკასიაში ნატოს ტრადიციული დასაყრდენია, ამიტომაც არის ჩვენი საკითხი ასე გააქტიურებული. რუსეთისთვის უაღრესად სუსტი წერტილია სამხრეთი კავკასია. მასზე გავლენის დაკარგვა ნიშნავს შავი ზღვის აკვატორიაზე რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ის პრაქტიკულად ამოვარდება ე.წ. შავი ზღვის პოლიტიკიდან. ამის შემდეგ დროის საკითხიღა იქნება ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვაც, მით უფრო ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ჩრდილოკავკასიური დიასპორა. 27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა კავკასიური დიასპორის თავყრილობა, სადაც დომინანტი იყო ჩეჩნური მხარე, მაგრამ იქ სხვებიც მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი. ისინი ორგანიზებულ სტრუქტურებს ქმნიან, ანუ რუსეთის მარცხისთვის ემზადებიან. ეს ჩანს უკრაინაშიც – თუ თავიდან იყო ერთი ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დღეს უკვე ხუთია, მათგან ოთხი ჩეჩნური და ერთი დაღესტნურია.

შეიძლება ძალიან მრავალრიცხოვანი ბატალიონები არ არის, მაგრამ უკვე მათ არსებობას აქვს დიდი გავლენა და მნიშვნელობა, მით უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის პერმანენტული მარცხისა და უამრავი ჩრდილოკავკასიელის დაღუპვის გამო განწყობები სულ უფრო რადიკალური ხდება. განსაკუთრებით დაღესტანშია უკმაყოფილება, სადაც უკრაინის ფრონტიდან უკვე ბევრი მებრძოლი ჩაასვენეს. ნატოს ხელმძღვანელობა ყოველივე ამას კარგად აანალიზებს, დასკვნებს აკეთებს და იმოქმედებს კიდეც შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლება იფრთხილებს თუ არა, ეს მთავარი თემა არ არის. ნატოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში პროცესების გაკონტროლება და ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს სამომავლო პერსპექტივისთვის”, – აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე – “არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემით ვაჭრობს დასავლეთთან და ცდილობს ამ საკითხის გადაწყვეტით რაც შეიძლება ბევრი დივიდენდი მიიღოს” – პასუხობს, რომ ვარაუდებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

“ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები არა გვაქვს და ვარაუდებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მესმის, ამ მოსაზრების ლოგიკა ასეთია: ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს სთავაზობს, უკან დაიხიეთ ზოგიერთ საკითხზე და ამ პრობლემას გადავწყვეტთო. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში ყოფილა. შესაბამისად, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორად მიმაჩნია, სანამ არ გვექნება ფაქტობრივი მასალა. ვიმეორებ, ამგვარი პოლიტიკური ვაჭრობა კულუარულად ყოველთვის იყო და არის, თანაც არა მარტო პატიმრებთან დაკავშირებული.

პრეზიდენტების პატიმრობაში ყოფნა დანაშაულების გამო ახალი ამბავი მსოფლიოსთვის ნამდვილად არ არის, პერუდან სამხრეთ კორეამდე ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენს შემთხვევაში შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა, იმიტომაც, რომ გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიას დევნილობაში სიკვდილს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულწრფელად შიშობს. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი დამძიმებულია, არ უნდა დავუშვათ მისი უფრო გაუარესება. ამასთანავე, არ შეიძლება ამ საკითხის გამო ქვეყნის დისკრედიტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. რა და როგორ უნდა მოხდეს, უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომელთაც ქვეყანაზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა.

რა არის თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებების მიზეზი – პირადი ამბიცია, ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი, ფულის თემა თუ გარე ძალის ჩართულობა, რთული სათქმელია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ყველა ეს კომპონენტი ერთადაც მუშაობდეს. ასე არეულ-დარეული “ნაციონალური მოძრაობა” არავის ახსოვს. ასეთი კონსოლიდირებული ძალა აქამდე თუ მივიდოდა, ვინ იფიქრებდა. სააკაშვილის პარტიიდან და ამ პროცესებიდან დისტანცირება უფრო ძაბავს და აფუჭებს ვითარებას. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოდიოზური ფიგურაა, რაზეც მელიას გუნდი საჯაროდ ლაპარაკობს. კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა 2008 წლამდე, ცოტა ადრე, 2008 წელსა და მის შემდგომ პერიოდში. ისიც მახსოვს, როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ჩინოსნიდან უმდიდრეს ადამიანამდე. ის სკანდალებიც მახსოვს, დაკავშირებული იარაღის უკანონო გაყიდვასთან მესამე ქვეყნებში. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანების ერთი კატეგორია ცდილობს თავისი პოლიტიკური კარიერა შექმნას იმ პირისა და ისეთი ფულის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, ომის დროს მოჰპარეს ქვეყანას. არ ვიცი, ამ დაპირისპირების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევა რომც მოახერხონ, როგორ შეძლებენ ეს ჯგუფები ერთ პარტიაში თანაცხოვრებას.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. ზამთრის გამო ინტენსიური ბრძოლები ვერ მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, რომლის გარშემოც სისხლისმღვრელი ბრძოლაა. გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია მოხდა. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხოფერია დაგვეღუპა, მერე 5 ქართველი დაეცა ბახმუტთან, ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მე მესმის ამ ბიჭების, თუ რატომ მიდიან და იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ყველა მებრძოლი სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში უყურებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი “კადიროველების” ჩასაფრებას ემსხვერპლნენ, ამასწინათ ახმედ ზაკაევს ველაპარაკე და მან ასეთი რამ თქვა, – ესენი ჩეჩნები კი არა, ტურები არიან, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიანო… ამგვარი ტურები იბრძოდნენ აფხაზეთშიც ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო, ეს საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რესურსები ექნებათ მხარეებს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ. უკრაინის თავდაცვის ძალებში რომ მორალური მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება, ფაქტია. ქვეყანას სამხედრო რესურსიც აქვს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენერგეტიკული კრიზისია, რაც გარკვეულწილად მებრძოლებისა თუ მოქალაქეების მორალურ მდგრადობაზეც აისახება და ტექნოლოგიურადაც ქმნის პრობლემებს ფრონტის ხაზზე. რუსეთიც ცდილობს სამხედრო რეზერვების შევსებას, ირანიდან ინტენსიურად შედის იარაღი. მორალურად რუსეთის არმიაში უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ომში იძულებით წაიყვანეს, მთავარი მაინც ის არის, რაც გენერალიტეტში ხდება, რომელიც, ფაქტობრივად, სპეცსამსახურებს დაუქვემდებარეს. გარდა ამისა, გენერალიტეტისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც ე.წ. კერძო არმიებთან დაკავშირებით ხდება. გარდა იმისა, რომ პრიგოჟინის “ვაგნერს პრეზიდენტის ბრძანებით უკვე ავიაციაც გადასცეს, დაიწყო სხვა კერძო არმიების შექმნაც. მაგალითად, ახლახან 2 მდიდარ სომეხს – სარქისიანსა და კარაპეტიანს დაავალეს ახალი კერძო არმიის შექმნა. უკვე არაერთი სხვაც ფუნქციონირებს. ეს არმიები ნომინალურად გენერალიტეტს კი ექვემდებარებიან, მაგრამ რეალურად საკუთარ დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ეს ქმნის ქაოსს სამხედრო სტრუქტურებში.

რუსეთში სხვაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმდება, განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ხდება აშკარად დისტანცირება ცენტრსა და ავტონომიურ-რეგიონულ წარმონაქმნებს შორის. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიისა და თათრეთის რესპუბლიკების მოსკოვთან ურთიერთობა, რაც ცოტა ხანში კიდევ უფრო სკანდალური გახდება. შეიძლება ითქვას, მორალურ დონეზე რუსეთის დეცენტრალიზაცია დაწყებულია. ამ ვითარებაში პოზიტიური ის არის, რომ პუტინმა და მედვედევმა შეწყვიტეს ატომური რიტორიკა, რაც, ჩემი აზრით, ჩინეთის მმართველ სი ძინპინის განცხადებამ განაპირობა. მან პირდაპირ მოუწოდა მოსკოვს, ამაზე ლაპარაკი უნდა შეწყდესო. რას მოესწრო რუსეთი, რომ ჩინეთი უფროსად ჰყავს. არ ვიცი, როგორ პატიობს ამ ყველაფერს რუსული პოლიტიკური ელიტა პუტინს, რომელმაც ქვეყანა, ფაქტობრივად, გააჩანაგა”, – განაცხადა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები