სპორტული დარბაზი, ამბულატორია, რეკრეაციული ზონა – რა პროექტები განხორციელდა მუხრანში
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მათ შორისაა მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია თავისი ტერიტორითა და მოსახლეობით. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
„სოფელ მუხრანში, შენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი.
სამსართულიანი შენობის პირველ და მეორე სართულებზე განთავსდება მისაღები, გასახდელები, სველი წერტილები, კიბის უჯრედი, საჭიდაო დარბაზი და ადმინისტრაცია. მესამე სართულს კი ფიტნეს დარბაზი დაიკავებს, ტერასით და მოსასვენებელიი სივრცით.
ტერიტორიაზე ასევე, დაპროექტებულია რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 510 472 ლარს შეადგენს.
მრავალფუნქციური სპორტული ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რომლის პროექტს შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.
სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა სპორტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის მოსახლეობაში.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხრანის სამედიცინო ამბულატორიას.
მოეწყო ტრენაჟორები პირველი სკოლის მიმდებარედ.
მოეწყო და შემოიღობა ნარჩენების საყრელი მოედანი.
მოასფალტდა გზები მუხრანის მეორე საჯარო სკოლასთან, მთიულების უბანში და სახოხბის უბანში.
დაიწყო სპორტული მოედნის მშენებლობა პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარედ.
დამონტაჟდა გარე განათებები შიდა საუბნო გზებზე, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა განახორციელა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს პროექტს, რომელიც დასრულების შემდეგ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანს, ვარდისუბანს, პატარა ქანდასა და ვაზიანს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი წყალმომარაგების მოწესრიგებაა, რომლისთვისაც გამოყოფილია 17 000 000 მლ. ლარი და 2024 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.