გორში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პირველი მეთაურის, იუზეფ პილსუდსკის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმა, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოადგილე მარიუშ პიეტჟაკთან, საქართველოში პოლონეთის კონსულთან პიოტრ პომიანოვსკისთან, გორის უნივერსიტეტის რექტორ გიორგი სოსიაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად, დამოუკიდებელი პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, მარშალის, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“პილსუდსკის მემორიალამდე პოლონელ დიპლომატებს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – თამაზ შიოშვილი, რომლებმაც სტუმრებს ნაციონალური დღესასწაული მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ გორსა და პოლონურ ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრა გაგრძელდა უნივერსიტეტის პოლონურ – ქართული თანამშრომლობის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონური უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, სასულიერო პირები და პოლონური წარმომავლობის გორელი მოქალაქეები.
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე 1918 წლიდან ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. წელს პოლონელები ნაციონალურ დღესასწაულს 104-ედ აღნიშნავენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.