სამტრედიაში, სოფელ ჩხენიშში ახალი სამედიცინო ამბულატორია აშენდა
სამტრედიაში, ნაბაკევის ადმინსიტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშში ახალი სამედიცინო ამბულატორია აშენდა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორია დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჭიჭინაძესთან, თვითმმართველობის, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებთან ერთად გახსნა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,მეგაბილდმა” შეასრულა.
ახლად გახსნილ ამბულატორიაში ,,წითელი ჯვრის,, სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ეგიდით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა მოეწყო.
,,ადმინისტრაციული ცენტრიდან დაცილებული დასახლებებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს ამბულატორიის მშენებლობა დავგეგმეთ სოფელ ჩხენიშში, რაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. დღეიდან სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია აქვს და მისი სერვისით ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლები ისარგებლებენ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებს საშუალება გვექნება, მივიღოთ სრულყოფილი სამედიცინო სერვისებით მომსახურება, ამავდროულად, სასიამოვნოა, რომ ამბულატორია ჩვენი თანასოფლელის, პროფესორ რეზო სალაყაიას სახელობის იქნება”, – აცხადებს ადგილობრივი.