ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს ჩოგბურთელის მეგობარ ქალს დაკითხავენ

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, ის იმ ინციდენტს შეესწრო, რომელიც ჩოგბურთელის მშობლების სახლთან მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს იქ ყოფნის უფლება სოცმუშაკებისგან არ ჰქონდა.

“თვალყურს ვადევნებ პროცესებს, მიმდინარე პროცესებს ვესწრები. მე პირადად არ დამინახავს ეს გოგონა, არც ლუკასს არ დაუნახავს. ისევ ველოდები ტყუილების მორიგ სერიას, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იმის გააზრება არ აქვთ, რომ არიან სასამართლო პროცესზე, სასამართლო პროცესზე გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად და საინტერესოა, დღეს მოწმე რას ისაუბრებს. მეც ძალიან მაინტერესებს როგორ არის დარიგებული დაცვის მხარის მიერ და დღესაც ველოდები ტყუილების მორიგ სერიას. ნამდვილად არ ველოდებოდი მის იქ ყოფნას, რადგან ის სოცმუშაკისგან გაფრთხილებული იყო და მას იქ ყოფნა იმ სახლში ეკრძალებოდა”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები