“ლაშა ფურცხვანიძესთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არის, რაც საკმარისი იქნებოდა პატიმრობისთვის” – “გრინ სერვის პლუსის” დამფუძნებლის ადვოკატი
კომპანია “გრინ სერვის პლუსის” დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის განცხადებით, ვაკის პარკში გუშინ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამოძიებამ უკვე შეამოწმა საბუთები და მიღება ჩაბარების ოქმები. უფლებადამცველის, ტარიელ კიკნაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის გამოსაკვეთად საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია და დარწმუნებულია, რომ იგი პოლიციის შენობას მალე დატოვებს.
“გუშინ საღამოს შემდეგ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხა დაახლოებით 30-მდე პირი. მაქსიმალურად იქნა ყველაფერი ამოღებული და ჩვენ ღია გვაქვს აღნიშნული საკითხი, ყველაფერი მივაწოდეთ მათ. მე ვიცავ ლაშა ფურცხვანიძეს და მასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არის ისეთი, რომელიც საკმარისი იქნებოდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებისთვის,” – განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული, სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო – უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო ობიექტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.