სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოვლობა ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაულია.
„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, პატივცემულო საზოგადოებავ! დიდი პატივია დღეს ჩემთვის, რომ მოგმართოთ და მოგილოცოთ ყველას, ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაული – სვეტიცხოვლობა.
სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები. ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე – სვეტიცხოვლობა. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე,”- განაცხადა პრემიერმა.
სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მთავრობის მეთაურთან ერთად, სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.