ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 1100-ლიტრიანი 1104 კონტეინერი და ქუჩის 568 ურნა გადასცა.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებისთვის 4 ერთეული 20 მ3-ის მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანების გადაცემა. ახალი აღჭურვილობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან ერთად დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, აღიჭურვებიან სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, სპეციალური მანქანებით, უნიფორმებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

ამასთანავე, დაგეგმილია ქ. ზუგდიდის აღჭურვა, ქაღალდის/მუყაოს სორტირებისა და სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში, კონტეინერებითა და სორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები