კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული რუსეთის მასობრივი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინისთვის დღეს მძიმე დღე იყო და ახლა ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, დღეს ამ ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. 80-ზე მეტი დაიჭრა ან დაშავდა. ვინც დახმარებას ითხოვს, მიიღებს მას… უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში მონაწილეობს, თავიანთ ამოცანებს ასრულებენ. უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 84 რუსული რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს. 24 რუსული დრონიდან 13 ჩამოაგდეს. და ამის შემდეგაც ყოველ 10 წუთში ვიღებ შეტყობინებას ირანული „შაჰიდების“ ჩამოგდების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტები ისევ იტყუებიან, თუმცა, უკრაინელების დაშინებას ვერ შეძლებენ, რადგან მათი თავდასხმებით რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ხალხს კიდევ უფრო აერთიანებს.
„ტერორისტების ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ყველა მიზანს მოარტყეს. ჯერ ერთი, იტყუებიან, როგორც ყოველთვის. მეორეც, იტყუებიან, როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს. ენერგეტიკული ობიექტების გარდა, შეხედეთ ჩვენი დედაქალაქის მხოლოდ ერთ მაგალითს. გზაჯვარედინი კიევში, სადაც ახლა ვდგავარ. ეს არის თქვენი სამიზნე. წმინდა სოფიას ტაძრის სამრეკლო 700 მეტრშია. მოსკოვი ჯერ არ არსებობდა, როდესაც ის აქ იდგა. უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ უფრო მეტად გაერთიანებაა შესაძლებელი. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.