კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა ერთი მოკვლევა – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორიულ დაწესებულებებზე 2 რეკომენდაცია გაიცა.
ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 3 საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.
ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე.
2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, 4 კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება 1 საქმესთან დაკავშირებით.