დმანისის მუნიციპალიტეტსა და HEKS EPER Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერის მთავარ მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს.
“თანამშრომლობის სფერო მოიცავს შემდეგს:
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერება; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერება, მონაწილეობრივი დაგეგმვა და ბიუჯეტირების პროცესის დანერგვა და გაუმჯობესება; თანამონაწილეობითი ადვოკატირების კამპანიების განხორციელება; მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონის ამაღლება; ეთნიკური უმცირესობების პრიორიტეტების და თემთაშორისი ურთიერთობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; კერძო სექტორის, ადგილობრივ ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება; ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.