შვეიცარიის შეიარაღებული ძალები – რისთვის სჭირდება ჯარი ქვეყანას, რომელიც არ იბრძვის

ყველამ კარგად ვიცით, რომ შვეიცარია საომარ კონფლიქტებში ყოველთვის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ის  ოაზისად რჩება, მშვიდობის თვალსაზრისით, მსოფლიო ომის დროსაც კი, მაგრამ ასევე ყველასათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა სახლში ავტომატურ იარაღს ინახავს და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოიხმარენ მას საკუთარი ქვეყნის დასაცავად. როგორ მოხდა ისე, რომ ქვეყანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ომს გაურბის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავს?

შვეიცარიის ჯარი დიდი არ არის, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ მოუნდება ამ ქვეყანასთან საომარი ურთიერთობა. სულ რაღაცა ორიოდე დღეში მას შეუძლია ჩაატაროს დაუჯერებლად ეფექტური მობილიზება და იარაღით ხელში ასობით ათასი ადამიანი გამოიყვანოს.

შვეიცარიელი დაქირავებული მეომერები მსოფლიოს სხვადასხვა ჯარში მსახურობდნენ და სახელგანთქმულები არიან თავისი დისციპლინით, კარგი მომზადებით და ერთგულებით. ხოლო საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლა შვეიცარიელებს ძალიან იშვიათად უხდებათ.

შვეიცარია წარმოიშვა მე-13 საუკუნეში, როგორც თვითმმართველი და შემდეგ ექსკლუზიურად გერმანულენოვანი კანტონების გაერთიანება. ამის გამო, მომდევნო საუკუნეებში ამ პოლიტიკურ ფორმირებას არ ჰყავდა საერთო ჯარი, როგორც ასეთი, და იგი ცალკეული კანტონების მილიციამ შეცვალა.

1815 წელს შედგა ფედერალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყველა კანტონი ვალდებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არანაკლებ საერთო მოსახლეობის 2% ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი წარედგინა. ფედერალური ჯარი ქვეყანაში მხოლოდ 1848 წელს ჩამოყალიბდა და კანტონებისთვის ეს ომში დამოუკიდებლად მონაწილეობის შეზღუდვას წარმოადგენდა. ყველა კანტონი უფლებას იტოვებდა, ჰქონოდა თავისი მილიცია, მაგრამ ამ სამხედრო დანაყოფს არანაირი როლი აღარ ჰქონდა, ვინაიდან, ახალი კანონების მიხედვით, მათი რაოდენობა 300 ადამიანს არ უნდა აღმატებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას ბოროტად არასდროს უსარგებლია საყოველთაო მობილიზაციით. ის მხოლოდ სამჯერ თუ გამოუცხადებიათ: საფრანგეთ-პრუსიის ომი, საფრანგეთში ნაპოლეონ III-ის რეჟიმის დანგრევისას  და გერმანიის გაერთიანების დროს, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყებისას.  

მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიის არსებობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პატარა სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც გერმანულ ენაზე საუბრობდა, რაიხთან მიერთების დიდი საფრთხის წინაშე იდგა. ჰიტლერს ამისთვის გეგმაც კი ჰქონდა შემუშავებული სახელად „ტანენბაუმი“. შვეიცარია ამ ომს ვერ გაუძლებდა, ამიტომ ხელისუფლებამ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, უნდა ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი ისე ადვილად არ მოხდებოდა, როგორც ავსტრიის შემთხვევაში. მეორე რიგში კი, გერმანიისთვის თავისი ლოიალურობა უნდა ეჩვენებინა. მობილიზაციას სათავეში 61 წლის გენერალი ანრი გაზანი ჩაუდგა, რომელმაც სამი დღის მანძილზე 850 ათასი ჯარისკაცის შეკრება მოახერხა.

მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის, მაღალმთიანი რაიონების დაცვაზე. მათ განზრახ გაწირეს სამრეწველო რაიონები, ხოლო დაცვის ხაზი გააძლიერეს მაღალმთიან სამხრეთ რაიონებში. ვიწრო გზები, უღელტეხილები, ხიდები და გვირაბები ხელს შეუშლიდა მტერს სამხედრო ქმედებების განხორციელებაში. ჰიტლერი მაშინვე მიხვდა, რომ შვეიცარიაზე გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდებოდა, მას დიდი რესურსის გაწირვა დასჭირდებოდა, რაც საჭირო იყო სულ სხვა მიმართულებებით. ამიტომ, გარკვეული ორჭოფობის შემდეგ შვეიცარიისთვის თავის დანებება გადაწყდა. ნაცისტურმა  პროპაგანდამ მაშინვე შეცვალა კამპანია და გაამართლა ასეთი გადაწყვეტილება. შვეიცარიას პრესაში აჩვენებდნენ, როგორც ჩამორჩენილს, შუასაუკუნოვან ქვეყანას, რომელიც დასახლებული იყო მწყემსებით და პროვინციელებით.

მას შემდეგ, რაც შვეიცარია საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნდა, მან გერმანიას შესთავაზა საქონლის გაყიდვა და სამხედრო ტვირთის ტრანზიტი ფაშისტური იტალიიდან საკუთარი გვირაბების გავლით.

ამის მიუხედავად,  შვეიცარიელებმა ბოლომდე ვერ შეძლეს, გვერდით დარჩენილიყვნენ. გერმანული თვითმფრინავები რეგულარულად არღვევდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეს და ქვეყნის საჰაერო ძალებმა არაერთხელ აიყვანეს მათი თვითმფრინავები ჰაერში. საერთო ჯამში, შვეიცარიელმა პილოტებმა ომის წლებში ჩამოაგდეს 11 Luftwaffe თვითმფრინავი.

რისთვის სჭირდება თანამედროვე შვეიცარიას ჯარი?

ცივი ომის დროს შვეიცარიაში სამობილიზაციო სამზადისი ყოველთვის იყო. ქვეყანაში მიღებული ახალი კონცეფცია Armee 1961 გულისხმობდა, რომ სამობილიზაციო პოტენციალს უნდა მიეღწია არანაკლებ 625 ათას ჯარისკაცამდე. ეს, ძირითადად, რეზერვისტები იყვნენ, რომელთაც სამხედრო მომზადება ჰქონდათ გავლილი და მზად იყვნენ, უმოკლეს დროში მწყობრში ჩამდგარიყვნენ. მობილიზებულების შეიარაღების პრობლემა შვეიცარიელებმა არასტანდარტულად გადაწყვიტეს  – დემობილიზებულებს თან მიჰქონდათ შაშხანები და ვაზნების გარკვეული რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, ახალი მობილიზებული მოქალაქეები, შეკრების ადგილზე უკვე იარაღით მოდიოდნენ და მაშინვე მზად იყვნენ ბრძოლაში წასასვლელად. მაგრამ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, შვეიცარის ხელისუფლების წინ პრობლემა წარმოიშვა – საერთოდ, სჭირდებოდა თუ არა ქვეყანას ჯარი. სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებით არის გარშემორტყმული და რომელიც შენგენის ზონაში შედის, ალბათ, არ სჭირდებოდა სამხედრო მანქანა, რომლის შენახვასაც ყოველწლიურად მილიარდობით შვეიცარიული ფრანკი იხარჯებოდა.

ამ კითხვაზე პასუხს შვეიცარიელები ორჯერ ეძებდნენ – 1998 და 2001 წლებში, როდესაც საყოველთაო ნაციონალური რეფერენდუმი ჩაატარეს შეიარაღებაზე სრული უარის თქმისთვის. ორივეჯერ გაიმარჯვეს მათ, ვისაც იარაღის შენარჩუნება სურდა. ამასთანავე, გაირკვა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა პაციფისტია და ისინი საერთოდ არ განიხილავენ იმ ვარიანტს, რომ ვინმესგან თავდაცვა მოუწევთ და მით უმეტეს, ვინმეზე თავდასხმა. შედეგად სამობილიზაციო პოტენციალი შემცირდა 400 ათას ადამიანამდე, შემდეგ კი, 200 ათასამდე. 2018 წელს ეს რიცხვი კვლავ განიხილეს და შეჩერდნენ მოკრძალებულ 100 ათასზე. ახლა კი, შვეიცარიის ჯარში, დაახლოებით, 21 ათასი ჯარისკაცი და  ოფიცერი მსახურობს. მათგან პროფესიონალი შეიძლება მხოლოდ 5 ათასს ეწოდოს – ესენი არიან ოფიცრები, ინსტრუქტორები, მფრინავები და სხვა სამხედრო სპეციალისტები. დარჩენილი 16 ათასი – ეს არიან ის ადამიანები ვინ გადამზადებას გადიან ან რეზერვისტები, რომლებიც განმეორებით გადამზადებას გადიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები