„ასეა ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწერდი“ – მეცნიერი და რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე

მეცნიერი და რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე დაიბადა საჩხერის მახლობლად, სოფ. წირქვალში 1893 წ. 17 სექტემბერს ივანე ნოზაძისა და აღათი გაფრინდაშვილის ოჯახში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სასწავლებლებში, 1913 წ. ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობისას აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალ–დემოკრატიული (მენშევიკი) პარტიის წევრი, მოგვიანებით ემიგრაციაში ყოფნისას თავისი შეხედულებები გადააფასა და წმინდა ეროვნულ მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

რუსეთის 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვ. ნოზაძე სამშობლოში დაბრუნდა და თავისი შთაბეჭდილებები თებერვლის რევოლუციაზე სოციალ–დემოკრატების გაზეთში “ერთობა” გამოაქვეყნა. ნოე ჟორდანიას დავალებით ქუთაისში ხელმძღვანელობდა პარტიულ პრესას გაზ. “სოციალ–დემოკრატი”, შემდეგ კი გაზ. “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქტორი გახლდათ.

ვიქტორ ნოზაძე 1920 წ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 ახალგაზრდასთან ერთად მიემგზავრება ევროპაში ცოდნის გასაღრმავებლად. ლონდონსა და ბერლინში ცხოვრებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. ამავე პერიოდიდან იწყებს ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, გამოსცა ჟ. “ორნატი”, შემდეგ დიდფორმატიანი ლიტერატურულ–მეცნიერული და პოლიტიკური ჟ. “კავკასიონი”. უშვებდა სხვა ჟურნალებსაც–”თეთრი გიორგი”, “ქართლოსი”, “მამული”.

რუსთველოლოგიური ნაშრომების წერა, რომელსაც თავად “ვეფხისტყაოსნის” “ჩხრეკანს” უწოდებდა, ვიქტორ ნოზაძემ II მსოფლიო ომის დროს დაიწყო ბერლინში.

ომის შემდეგ მეცნიერი ხანგამოშვებით ცხოვრობს გერმანიაში, ავსტრიაში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში, 1960 წ. ჯერ ესპანეთში დასახლდა, ხოლო 1963 წლიდან თავის ძმასთან გიორგისთან დაფუძნდა ლევილის ქართულ მამულში, აქვე იყო ქართული სტამბაც და მეცნიერის სამუშაო ოთახიც.

მთელი 30 წლის მანძილზე ვიქტორ ნოზაძე მარტოდმარტო, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, მეტად მძიმე პირობებში მუშაობდა და ქართველ ერს დაუტოვა თავისივე ხელით აწყობილი და დაბეჭდილი ექვსი შესანიშნავი წიგნი:

1. “ვეფხისტყაოსანის” ფერთამეტყველება, ბუენოს–აირესი, 1953;

2. “ვეფხისტყაოსანის” ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957;

3. “ვეფხისტყაოსანის” მზისმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1959;

4.”ვეფხისტყაოსანის” საზოგადოებათმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1959;

5. “ვეფხისტყაოსანის” ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1963;

6.”ვეფხისტყაოსანის” მიჯნურთმეტყველება, პარიზი, 1975.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში 1966 წ. რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟ. “კავკასიონის” საგანგებო ტომის გამოცემა.

1963 წ. ციურიხში გარდაიცვალა მეცნიერი და ლექსიკოგრაფი კიტა ჩხენკელი. რომელსაც დაუმთავრებელი დარჩა ქართულ–გერმანული ლექსიკონის გამოცემა. ეს საქმე ქართველოლოგ ქალებთან-იოლანდა მარშევთან, ლეა ფლურთან და რუთ ნოიკომთან ერთად 1974 წ. დაასრულა ვიქტორ ნოზაძემ.

ხანგრძლივი სამეცნიერო მუშაობის დროს ვიქტორ ნოზაძე იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმს–ბ. ვარდანი, ბ. ბებურიშვილი, ვ. სოსანი, მოძველი, ნიკრისელი, თამაზ ჩილაია, ლიკსუსი, დონაური, თამარ ვარდანიძე, მკითხველი.

1975 წ. 24 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საფრანგეთში, ქ. არპაჟონის საავადმყოფოში ვიქტორ ნოზაძე გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები