სამტრედიის მერი: ახალსოფელში საბორნე გადასასვლელი განახლდება
“ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, სამტრედიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
EU4ITD პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს პროექტების მომზადებასა და მართვაში.
EU4ITD პროექტის მხარდაჭერა მოიცავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ტრენინგს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში, ექსპერტის მხარდაჭერას და კონსულტაციას საპროექტო განაცხადების შემუშავებისას და მართვისას, და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების დაფინანსებას კონკურსის საფუძველზე შერჩეული მუნიციპალიტეტებისთვის.
კონკურსის შედეგად, სამტრედიისა და ვანის ინტერმუნიციპალური პროექტი 80,000 ლარით დაფინანსდება.
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით, რაც გულისხმობს სოფელ ახალსოფელში მდებარე საბორნე გადასასვლელის განახლებას, რეაბილიტაციას და უმოკლესი გზის მოწყობას, ბორნით დაკავშირებას სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების. დღევანდელი შეხვედრაზე პროექტის მენეჯერ ნინო კაკუბავასთან, შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტ ანა ქებაძესთან და ვანის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული დეტალები განვიხილეთ”, – თქვა დავით ბახტაძემ.