მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლოს სრულად აღდგება

მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, გადაადგილება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გახდა.

„მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც მიმდინარეობს მოასფალტება. გასულ წელს, მოგეხსენებათ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, არაერთი საპრევენციო სამუშაო განხორციელდა. ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების საშუალებით მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა. პირველ ეტაპზე, ქვედა ფენებში მოვაქციეთ იქ არსებული გზა და დღეს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო ფენებში ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გზის ნახევარი დროებით დაკეტილია და ნახევარ გზაზე შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა, დღის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება და გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები