მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი და ტექსტოლოგი ირაკლი ანდრონიკოვი, იგივე ირაკლი ანდრონიკაშვილი

მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი, ტექსტოლოგი ირაკლი ანდრონიკოვი დაიბადა 1908 წლის 15 სექტემბერს, პეტერბურგში, სადაც მამა – ნაფიცი ვექილი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1872—1939) ადვოკატად მსახურობდა. ფრიად განათლებული ქალი იყო ირაკლის დედაც – ეკატერინე იაკობის ასული გურევიჩი, პეტერბურგში ძალიან დაფასებული და ცნობილი ოჯახიდან.

1917 წელს დროებითმა მთავრობამ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე  დანიშნა მდივნად სენატის სისხლის სამართლის დეპარტამენტში. 1918 წელს იგი მიიწვიეს ფილოსოფიის ისტორიის კურსის წასაკითხად ტულის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ოჯახი რამდენიმე წლით საცხოვრებლად გადავიდა პატარა სოფელში ქალაქ ტულის მახლობლად. შემდგომში მცირე ხნით მოსკოვშიც ცხოვრობდნენ.

1921 წელს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს თბილისიდან დაუკავშირდნენ. მას წილად ხვდა ბედნიერება გამხდარიყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე წლის აგვისტოში ანდრონიკაშვილები თბილისში გამოემგზავრნენ სპეციალური სარკინიგზო ვაგონით, რომელიც გამოუყვეს უნივერსიტეტის პროფესორ შალვა ნუცუბიძის თაოსნობით. ეს იყო ირაკლისა და მისი და–ძმების პირველი სტუმრობა საქართველოში.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდიული განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. უმაღლეს სასწავლებლებში იგი კითხულობდა სამართლის ზოგად თეორიას, სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი – დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1930–1931 წლებში საბჭოთა მთავრობამ  მიავლინა ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით, რომელიც მან წარმატებით შეასრულა. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე (1937) და სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი.

სამშობლოში გატარებულ ხანმოკლე პერიოდს ირაკლი ანდრონიკოვი მუდამ სიყვარულით იგონებდა. ზაფხულს კახეთში, მამის სოფელ ოჟიოში ატარებდნენ. აქ მოსმენილმა მრავალხმიანმა ხალხურმა სიმღერებმა და საეკლესიო ხუროთმოძღვრების საუცხოო ნიმუშებმა მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

1925 წელს ირაკლიმ თბილისში დაამთავრა სკოლა და ერთდროულად ჩაირიცხა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტსა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სიტყვიერების განყოფილებაზე. ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1928 წლიდან დაიწყო ფილარმონიაში გამოსვლა ლექტორის ამპლუაში.

1930 წელს ინსტიტუტი დაამთავრა ლიტმუშაკის (ჟურნალისტის) დიპლომით და მუშაობა დაიწყო იუმორისტულ ჟურნალში –  «Ёж и Чиж».

თავისი ნაწარმოებები (რუსულ ენაზე) ირაკლი ანდრონიკოვმა, პირველად, 1929 წელს გამოაქვეყნა, ხოლო, 1935 წლის 7 თებერვალს მოსკოვის მწერალთა კლუბში შედგა მისი, როგორც მთხრობელის, პირველი საჯარო გამოსვლა. ზეპირ მოთხრობებში იგი განასახიერებდა რეალური გმირების – მწერლების, მეცნიერების, მსახიობებისა და სხვა მოღვაწეთა “პორტრეტებს”. მას ჰქონდა გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭი, ნაამბობის სანახაობად ქცევის უნარი.

1941 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი –  (კალინინის ფრონტი (გაზეთი –«Вперёд на врага»), სმოლენსკის პარტიზანული რაზმები, ამიერკავკასიის ფრონტი).

ირაკლი ანდრონიკოვის ზეპირი მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი ნაწილი მხოლოდ ზეპირ ვარიანტში არსებობს (“ვარვარა ზახაროვნა”, “სტუმრად ბიძასთან”, “პირველად ესტრადაზე”), ზოგიერთი კი შემდგომში დაიბეჭდა –  (“გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან”, 1942), (“ლერმონტოვის თანამემამულე”, 1952), (“შალიაპინის ყელი”, 1959), (“სალვინის შეცდომა”, 1959) და სხვ. ტელევიზიის შექმნის შემდეგ, 1954 წლიდან, მას ცენტრალურ ტელევიზიაში მიჰყავდა ბრწყინვალე სატელევიზიო ციკლი, სახელწოდებით „ირაკლი ანდრონიკოვი მოგვითხრობს“, რომელთა საფუძველზე რამდენიმე ფილმია შექმნილი.

ირაკლი ანდრონიკოვის შემოქმედებაში საგანგებო ადგილი ეკავა საქართველოს. იგი კარგად იცნობდა ქართულ მწერლობასა თუ კულტურას, მეგობრობდა ქართველ მწერლებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან. ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და მისი რამდენიმე ზეპირი მოთხრობა ჩაწერილია ქართულ რადიოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1960 წლის 5 ოქტომბერს ჩაწერილი მისი მოთხრობა „სტუმრად ბიძასთან“. ამ 16 წუთიანი თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები არიან ცნობილი თეატრალი, ბატონი ირაკლის ბიძა – ილია ზურაბიშვილი და ძველი ქართული თეატრის მსახიობი მაკო საფაროვა–აბაშიძისა. ამბავი გადმოცემულია ნაპერწკლიანი იუმორით, აზარტით, დიდი ოსტატობითა და გულთბილი სიყვარულით.

ირაკლი ანდრონიკოვი ხშირად გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი, კრიტიკოსი. მის წერილებსა და ესეებში გვხვდება ქართველ მოღვაწეთა –  ილია ჭავჭავაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის პოეზიისა თუ პროზის განხილვა. იგი არც ქართველ ხელოვანთა მიღწევებს ტოვებდა უყურადღებოდ. მის ერთ–ერთ წერილში მოცემულია  ვახტანგ ჭაბუკიანისეული დადგმის – ბალეტ „დემონის“ შეფასება–ანალიზი და ა. შ.

1973 წლის იანვარში ირაკლი ანდრონიკოვმა მოსკოვის რადიოთი ისაუბრა პოეტ სიმონ ჩიქოვანზე. მონაწილეობდა, აგრეთვე, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში (1975, 19 იანვარი, მოსკოვი). ბატონი ირაკლი ჩამოვიდა თბილისში გიორგი ლეონიძის დაკრძალვაზე და გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა (1966, აგვისტო). 1975 წლის აპრილში კი მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ გიორგი ლეონიძის საღამოში. ეს ჩანაწერებიც საქართველოს რადიოს ფონდშია დაცული. აქვეა “ოქროს ფონდის” ერთ-ერთი მშვენება, პაოლო იაშვილის ლექსის – “მაგიდა – ჩემი პარნასი” – ჩანაწერები, რომელიც მან საკავშირო არქივში მოიძია და პოეტის ქალიშვილს მედეა იაშვილს გადასცა. გარდა ამისა, ირაკლი ანდრონიკოვი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ეძებდა იმ დიდგვაროვან ქართველთა შთამომავლებს, რომლებიც რუსეთში გაჰყვნენ ვახთანგ VI-ს, რაც იმ წლებში იოლი არ იყო. ბატონმა ირაკლიმ მრავალი მათგანი იპოვა, შეახსენა საკუთარი ვინაობა და თავის მსმენელსაც უამბო მათი ცხოვრებისა და ჩვენი სამშობლოს ტრაგიკულ ბედზე. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, მისი ეს მოთხრობები ჩაწერილი არ არის.

როგორც ლიტერატურათმცოდნე, ირაკლი ანდრონიკოვი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იკვლევდა მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას. 1934 წლიდან იგი საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა ბიბლიოგრაფად. მან აღმოაჩინა და გამოაქვეყნა ლერმონტოვის,  პუშკინისა და  სხვა პოეტთა ბიოგრაფიული მასალები. მუშაობდა ტექსტოლოგიაშიც. იყო  ლერმონტოვის თხზულებათა ოთხტომეულის რედაქტორი (1953).

1947 წელს ირაკლი ანდრონიკოვმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე – «Разыскания о Лермонтове»; 1955 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია «Лермонтов в Грузии в 1837 году», რომელიც 1956 წელს მოსკოვის უნივერსიტეტმა ჩაუთვალა სადოქტორო დისერტაციად.

ირაკლი ანდრონიკოვი ეწეოდა დიდ საზოგადო, ორგანიზატორულ–შემოქმედებით მუშაობას. სხვადასხვა დროს იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის, მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.

მწერალი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი გახლდათ: სსრკ მწერალთა კავშირის წევრი (1939); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956); რსფსრ (1959) და საქართველოს სსრ (1961) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1967, წიგნისთვის – «Лермонтов. Исследования и находки», М., 1964); ლენინური პრემიის ლაურეატი (1976, სატელევიზიო ფილმებისთვის: «Воспоминания о Большом зале», «Концерт в Ленинградской филармонии», «Слово Андроникова»); საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1982).

მიღებული აქვს მრავალი ორდენი და მედალი: „შრომის წითელი დროშის ორდენი“ (1968); „ლენინის ორდენი“ (1978); „ხალხთა მეგობრობის ორდენი“ (1984) და სხვ.; მისი სახელი ეწოდა ერთ–ერთ მცირე პლანეტას ( малая планета 2294 Andronikov).

ირაკლი ანდრონიკოვის ოჯახის წევრებიც ცნობილი ადამიანები იყვნენ. მისი ძმა, ელეფთერ ანდრონიკაშვილი (1910—1989), გახლდათ ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; სანკტ–პეტერბურგის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო მათი და – ელისაბედ ანდრონიკოვა (1901—1985).

მწერლის მეუღლე ვივიანა რობინზონი (1910—1995) გახლდათ რუბენ სიმონოვის თეატრ–სტუდიის მსახიობი. მათ ორი ასული შეეძინათ – მანანა (1936–1975), პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა და ეკატერინე (1948), რუსეთის ტელევიზიის წამყვანი და ჟურნალისტი.

ირაკლი ანდრონიკოვი პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა მოსკოვში, 1990 წლის 11 ივნისს. დაკრძალულია იქვე, ვედენსკოეს სასფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები